სად არის ბიძინა ივანიშვილი?
სად არის ივანიშვილი და რატომ არაფერი თქვა თუნდაც 1 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის 14 წლისთავზე? ამ კითხვით "პირველებმა" კახა კალაძეს მიმართა. პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, რომ ეს კითხვა თავად პარტიის დამფუძნებელს უნდა დავუსვათ.
საქართველოშია. რომ გექნებათ შესაძლებლობა, შეგიძლიათ, ჰკითხოთ, - ამბობს კალაძე.
"პირველებმა" კალაძეს ასევე ჰკითხა, ელოდება თუ არა "ოცნება" ევროკავშირის მხრიდან სანქციებს. "ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ სანქციებს არ გამორიცხავს და ევროპელ ლიდერებს კვლავ "მტრებად" მოიხსენიებს.
არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია. ამით არაფერი შეიცვლება, ჩვენ სანქციებით ვერავინ შეგვაშინებს. რაც შეეხება ურთიერთობებს აღდგენას, ჩვენ ხომ ამაზე პირდაპირ ვსაუბრობთ მორიდების გარეშე, ყველა საერთაშორისო პლატფორმას ვიყენებთ, რომ მნიშვნელოვანია, ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან და მნიშვნელოვანია, ქართულ სახელმწიფოსთან და ქართველ ხალხთან იყოს სამართლიანი დამოკიდებულება. არა ის, რომ ვიღაცამ ზევიდან შემოგვხედოს. ეს ადამიანები გამოირჩევიან მტრული დამოკიდებულებით საქართველოს მიმართ, ქართველი ხალხის მიმართ, - ამბობს კალაძე.
ცნობისთვის, „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ - ALDE Party მოუწოდებს ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი.
- ALDE-ს პრეზიდენტი სვენია ჰანი და „ევროპის ლიბერალური ფორუმის“ პრეზიდენტი იან-კრისტოფ ოიტიენი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს შესაბამისი წერილით მიმართავენ.