ვადეფული: პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს - ეს ეხება უკრაინას, საქართველოს, მოლდოვასა და ბალტიის ქვეყნებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიზანი ყოფილი საბჭოთა კავშირის გავლენის სივრცის აღდგენაა. გერმანულ ტელეკომპანია n-tv-სთან საუბრისას ვადეფულმა განაცხადა, რომ ეს მისწრაფება მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება და საქართველოს, მოლდოვასა და ბალტიის ქვეყნებსაც ეხება.
მინისტრმა გაიხსენა პუტინის განცხადება საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ და აღნიშნა, რომ კრემლის შემდგომი მოქმედებები სწორედ ამ დაკარგული სივრცის აღდგენის სურვილზე მიუთითებს.
"პუტინმა ერთხელ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ მისთვის საუკუნის უდიდესი კატასტროფა საბჭოთა კავშირის დაშლა იყო. რა თქმა უნდა, გერმანელისთვის ეს ოდნავ გაუგებარია, რადგან ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს ნამდვილად არ იყო მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა. მაგრამ კარგი. რომ დავეყრდნოთ ამ [დებულებას], შეიძლება ითქვას: თუ ეს უდიდესი კატასტროფა იყო, მაშინ მას (რედ. - პუტინს) სავარაუდოდ სურს მისი გამოსწორება.ყველა სამხილით, არსებობს მისწრაფება, იდეა, წარმოდგენა იმაზე, რომ აღდგეს ის, რაც ერთ დროს საბჭოთა კავშირი იყო. ეს ეხება უკრაინას და ეს ეხება საქართველოს, სადაც ახლა დიდი აქტიურობა შეინიშნება. ეს ეხება მოლდოვაში ჩარევასაც. და, რა თქმა უნდა, ეს კვლავ შეეხება ბალტიის ქვეყნებსაც, ისინი კი უკვე ევროკავშირისა და NATO-ს წევრები არიან და ეს უშუალოდ ჩვენც გვეხება." - თქვა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.