ჰერჩინსკი საუბრობს, რა იქნება EU-ს მინისტრების მხრიდან განხილვის თემა ლუქსემბურგში, სადაც საქართველოზე უნდა იმსჯელონ
ტროტუარზე დგომის გამო ციხეში გაშვება, ფონდების დევნა, დემოკრატიის უკუსვლა და ადამიანის უფლებების დარღვევა - ეს იქნება იმ საკითხების მცირე ჩამონათვალი, რომელზეც პაველ ჰერჩინკის განცხადებით, 12 ოქტომბერს ლუქსემბურგში საქართველოს შესახებ უნდა იმსჯელონ.
დღეს ევროკავშირის ელჩმა თელავში ჩასულ მედიას უთხრა, რომ შემაშფოთებელია ის, რაც დღეს საქართველოში ხდება.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს [12 ოქტომბერს] გამართავენ შეხვედრას და საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ. სინამდვილეში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საკმაოდ რეგულარულად განიხილავენ საქართველოს. რატომ? ვინაიდან აშკარად შეშფოთებულები ვართ თქვენ ულამაზეს ქვეყანაში მოვლენებით. შეშფოთებულები ვართ ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების გაუარესებაზე, შეშფოთებულები ვართ დემოკრატიის მდგომარეობაზე.
ძალიან კარგად იცით, რომ დღევანდელ საქართველოში ხალხი ციხეში მიდის ტროტუარზე დგომისთვის. ხალხი ციხეში მიდის „ფეისბუქზე“ პოსტებისთვის. ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ფონდები, რომლებიც ყოველთვის უჭერდნენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და განვითარებას, საქართველოდან იდევნებიან. ეს, რა თქმა უნდა, უკიდურესად პრობლემურია და ამიტომ, კიდევ ერთხელ, შემდეგ ორშაბათს მინისტრები განიხილავენ საქართველოში ვითარების გაუარესებას.
მე მექნებოდა სურვილი, რომ ყველაფერზე პოზიტიურად ვისაუბრო, მაგრამ ხელისუფლების ქმედებები ამის საშუალებას არ მაძლევს.სამწუხაროდ მთავრობის წარმომადგენლები არ გვისმენენ, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრები ამას მოგვიანებით გავიგებთ.“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის ელჩმა უპასუხა "ოცნების" მაღალჩინოსნების შესაძლო სანქცირებაზე დასმულ კითხვასაც - ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირში ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.
რაც შეეხება ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას, აქ გადაწყვეტილების მისაღებად ძალიან მაღალი ზღვარია დაწესებული. სანქციების დაწესებას ერთსულოვანი გადაწყვეტილება სჭირდება. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო უნდა დაეთანხმოს გადაწყვეტილებას.
საქართველოში გარკვეული პირების მიმართ სანქციების დაწესების საკითხი უკვე ორი წელია განიხილება, თუმცა ამ ეტაპზე წევრ სახელმწიფოებს შორის ერთსულოვანი შეთანხმება არ არსებობს.
ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ.", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.