EU-ს ხელმძღვანელების წინააღმდეგ უპრეცედენტო თავდასხმა მიმდინარეობს, ამას შედეგი მოჰყვება - ჰერჩინსკი
ევროკომისიის გაფართოების ანგარიში სამ კვირაში გამოქვეყნდება - ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ წინა ანგარიში საქართველოსთვის გამანადგურებელი იყო.
"მოდით, დაველოდოთ, კონკრეტულად რა გზავნილი იქნება ამ ანგარიშში" - აცხადებს ელჩი.
ჰერჩნსკის თქმით, საქართველოს ხელისუფლებიის მიერ ევროკავშირის ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილია. მისივე განცხადებით, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების წინააღმდეგ უპრეცედენტო თავდასხმა მიმდინარეობს "ოცნების" წარმომადგენლების მიერ, რასაც "თავისი შედეგები მოჰყვება".
უკვე ორწელიწად ნახევარია, რაც საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეცვალოს თავისი პოლიტიკური კურსი, იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, მას საერთოდ სურს და სერიოზულად არის დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრიანებით.
2024 წლის ივნისში გამოქვეყნდა საბჭოს ძალიან მკაფიო დასკვნები, რომლებსაც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო დაეთანხმა. ამ დოკუმენტში ნათლად იყო განსაზღვრული, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ.
შემდეგ იყო 2024 წლის ოქტომბერი, 2024 წლის დეკემბერი. გაფართოების შესახებ საბჭოს თავმჯდომარეობის ბოლო დასკვნები გასული წლის დეკემბრით თარიღდება, კერძოდ, 138-ე პარაგრაფი. შეგიძლიათ, თავად გაეცნოთ დოკუმენტს და ზუსტად წაიკითხოთ, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად.
ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილია. პირიქით, როგორც ბოლო დღეებშიც წავიკითხე, ევროკავშირის, მისი ინსტიტუტების, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების წინააღმდეგ უპრეცედენტო თავდასხმა მიმდინარეობს.გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა რაც განაცხადა, გულსატკენია და პირადად მე ძალიან მაწუხებს. თუმცა ეს არის ამჟამინდელი ხელისუფლების თანმიმდევრული ქმედებების, საკანონმდებლო ინიციატივებისა და ანტიევროპული რიტორიკის შედეგი.
სამწუხაროდ, ამას თავისი შედეგები მოჰყვება. რაც შეეხება გაფართოების პროცესს, სამ კვირაში ევროკომისია გაფართოების შესახებ მორიგ ანგარიშს გამოაქვეყნებს. მე კიდევ ერთ პრესკონფერენციას გავმართავ. ბრიუსელში პრესკონფერენციას გამართავენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, რომელიც ასევე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტია, და გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელი ევროკომისარი.
მოდით, დაველოდოთ, კონკრეტულად რა გზავნილი იქნება ამ ანგარიშში.
გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიში, სამწუხაროდ, საქართველოსთვის გამანადგურებელი იყო. გასული წლის განმავლობაში ვითარება არ გაუმჯობესებულა. პირიქით, ის კიდევ უფრო გაუარესდა, განსაკუთრებით ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართულებით, იმ საკითხებში, რომლებსაც ჩვენ ფუნდამენტურ ღირებულებებს ვუწოდებთ.ამიტომ, დაველოდოთ, როგორ შეაფასებს ევროკომისია ვითარებას სამი კვირის შემდეგ", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.