მინდა, საჯაროდ დავგმო არჩევნები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
პირველ რიგში მინდა საჯაროდ დავგმო არჩევნები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ოანა-სილვია ცოიუს თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოდ ითქვას ამ ფაქტის შესახებ.
მისი განცხადებით, ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო პოზიცია აქვთ.
“ვფიქრობ, ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ - ევროპული ოჯახი - მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ქვეყნის გარდაქმნას უფრო ძლიერ, უფრო მტკიცე დემოკრატიად. ამიტომ ვიტყოდი, რომ ეს დადებითი ნიშანია"- განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რაც შეეხება "ქართული ოცნებასთან" დიალოგს, ოანა ტოიუს თქმით, ევროკავშირი მუდამ მზადაა, დიალოგი განაგრძოს იმ ქვეყნებთან და მთავრობებთან, რომლებიც იცავენ დემოკრატიას:
სრულად ვერ დავეთანხმები თქვენს შეფასებას, თითქოს დიალოგს ევროკავშირი ბოიკოტს უცხადებდეს; ევროკავშირი მუდამ მზადაა, დიალოგი განაგრძოს იმ ქვეყნებთან და მთავრობებთან, რომლებიც იცავენ დემოკრატიას და მზად არიან, ოპოზიციას პირდაპირ, საარჩევნო გზით გაუწიონ კონკურენცია"- განაცხადა მან.
დღეს, 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, სადაც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. სხდომას კაია კალასი ხელმძღვანელობს. საქართველოს საკითხი დღის წესრიგში „მიმდინარე საკითხების“ ნაწილშია შეტანილი.