არავითარი კომუნიკაცია არ არსებობს ივანიშვილს და ნანა ყეინიშვილს შორის - კობახიძე
რატომ არ ჰქონდა სუსს რეაგირება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე, როცა "რადიო თავისუფლების" ცნობით, ინფორმაცია და ჩანაწერი ჯერ კიდევ 2024 წლიდან ჰქონდათ?
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მას სუსის ჩართულობასთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა. "პირველად გავიგე ეს, როდესაც მოვისმინე აუდიოჩანაწერი"- თქვა მან.
კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც კი იქნება ფაქტი, მაშინვე გვექნება რეაგირება. როგორც კი გავიგეთ კონკრეტული ფაქტის შესახებ, მაშინვე გვქონდა რეაგირება", - განაცხადა კობახიძემ.
რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ კითხვაზე, იყენებდა თუ არა ყეინიშვილი ივანიშვილის სახელს ბოროტად ძალაუფლებისთვის,რადგან გავრცელებულ ჩანაწერში, ნანა ყეინიშვილი ახსენებს ბიძინა ივანიშვილს, კობახიძემ უპასუხა:
"მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი კავშირი, მათ შორის კომუნიკაციაც არ არსებობს ბიძინა ივანიშვილს და ნანა ყეინიშვილს შორის".
რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, ეროვნული ბანკის მაღალჩინოსანი კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლებს ბიზნესის წილს სთხოვს და სანაცვლოდ მფარველობასა და ბიზნესის გაფართოებაში დახმარებას სთავაზობს.