ბადრაგების მხრიდან ძალის გამოყენება ნორმალური მოვლენაა - კობახიძე დავითაძის საქმეზე
ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის მიმართ ბადრაგების მიერ ძალის გამოყენებას „აბსოლუტურად ნორმალურ მოვლენას“ უწოდებს. პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ პატიმრის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ბრალდება მტკიცებულებებით არ დასტურდება და ამას ვერც პროკურატურის გამოძიება და ვერც სახალხო დამცველის მიერ საკითხის შესწავლა ადასტურებს.
პირველი, ჩანს, რომ ამ ბრალდების არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ეს ადამიანი ამტკიცებდა, რომ ვიდეოში გამოჩნდებოდა ყველაფერი, თუმცა ამ ბრალდების არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. მეორე, რაც შეეხება ძალის გამოყენებას, ბადრაგების მხრიდან, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური მოვლენა და ჩვეულებრივი მოვლენა. მთავარია, რომ მალევე დაიწყო გამოძიება, ასევე საკითხი შეისწავლა სახალხო დამცველმა, ვერც სახალხო დამცველმა დაადგინა ამ ბრალდების მტკიცებულება და არც პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებაში არ დადგინდა არავითარი მტკიცებულება ამ ბრალდების, - ამბობს კობახიძე.
საქართველოს პროკურატურამ 10 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.
უწყების მტკიცებით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.