მანანა კობახიძე პარტიების აკრძალვის საქმიდან აცილებას ითხოვდა

12.10.26 16:27
მანანა კობახიძე პარტიების აკრძალვის საქმიდან აცილებას ითხოვდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, მანანა კობახიძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდებას ითხოვდა. 

მოსამართლის ეს მოთხოვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 

ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. სასამართლო წერს, რომ განჩინებას დაერთვება მოსამართლეების, მანანა კობახიძისა და ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, პლენუმის შემადგენლობა ასეთია: რევაზ ნადარაია, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი.

შუამდგომლობის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელის და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი თუ პროცედურული საკითხების განხილვაში მისმა ჩართულობამ, შესაძლოა, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებსა და საზოგადოებაში გააჩინოს გონივრული ეჭვი ამ საქმის მიუკერძოებელ და ობიექტურ გადაწყვეტასთან მიმართებით, რაც სარჩელის განხილვიდან მისი თვითგანრიდების საფუძველს წარმოადგენს.

მოსამართლის განცხადებით, საზოგადოებისათვის ცნობილია ის ფაქტი, რომ წარსულში იგი იყო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი წევრი და აგრეთვე იკავებდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის თანამდებობასაც. გარდა ამისა, მითითებული პოლიტიკური გაერთიანების წევრობის პერიოდში, ის აირჩიეს მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრად, სადაც ითავსებდა მნიშვნელოვან ფუნქციებს.

“პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე, როგორც უფლებადამცველი ადვოკატი და შემდგომ, უკვე სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისას, იგი სხვადასხვა ტრიბუნიდან, საჯაროდ, აქტიურად აკრიტიკებდა კონსტიტუციური სარჩელის მოპასუხე მხარეს და მთავარ ფიგურანტ პარტიას - „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კონკრეტულ წევრებს (რომელთა ნაწილიც ამჟამად წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებულ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს) მათი მმართველობის პერიოდთან დაკავშირებული სისტემური დანაშაულებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების გამო. პოლიტიკური დებატებისას, მათგან ღიად მოითხოვდა პასუხისმგებლობის აღებას სწორედ იმ ქმედებებზე, რომლებიც კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ამ პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის მთავარ არგუმენტებად არის მოხმობილი. მეტიც, პარლამენტის ერთ-ერთ პლენარულ სხდომაზე, რომელიც საჯაროდ გადაიცემოდა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მან პირდაპირ მოუწოდა პარტიის დაშლისა და პოლიტიკური ველიდან საერთოდ წასვლისაკენ.

შუამდგომლობაში მოსამართლე ასევე მიუთითებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის მოპასუხე მხარის მიმართ წარსულში, მის მიერ ღიად და საჯაროდ გაკეთებული მწვავე განცხადებები, ბუნებრივია, შემორჩენილია, როგორც უშუალოდ განცხადებების ადრესატთა, ისე საზოგადოების წევრთა მეხსიერებაში. აღნიშნული განცხადებები საყოველთაოდ ხელმისაწვდომია ინტერნეტ სივრცეშიც, შესაბამისად, მედიასაშუალებებისა და სხვა დაინტერესებული პირების მიერ მათი მოძიება და ფართო აუდიტორიამდე მიტანა მარტივად არის შესაძლებელი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ სუბიექტური თვალსაზრისით, არ არსებობს მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის შემდგომ, ფიცის დადების დღიდან იგი მოქმედებს მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად, მოსამართლის მაღალი პასუხისმგებლობით, პირადი განწყობებისა თუ დამოკიდებულებებისაგან სრულიად თავისუფლად. შესაბამისად, წარსულში პოლიტიკოსის რანგში გაკეთებული განცხადებები გავლენას ვერ მოახდენს მის მიუკერძოებლობაზე წინამდებარე საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსამართლეს მიაჩნია, რომ კუმულაციურად, ზემოთ დასახელებულმა გარემოებებმა, საქმის განხილვის მონაწილეებს, საზოგადოებასა და, ზოგადად, ობიექტურ დამკვირვებელს, შესაძლოა, გაუჩინოს საფუძვლიანი ეჭვები და კითხვის ნიშნები კონსტიტუციური სარჩელის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც, იმავდროულად, შეარყევს საზოგადოების ნდობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის მიმართ და დააზიანებს სასამართლოს რეპუტაციას.

აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, არსებობს №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან მისი თვითგანრიდების საფუძველი”,- ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

თავის მხრივ, სასამართლოს პლენუმის შემადგენლობა საკუთარ გადაწყვეტილებას განმარტავს და აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ კრძალავს პოლიტიკოსის, მათ შორის, პარლამენტის წევრის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ განწესების შესაძლებლობას და არც ზოგადი პოლიტიკური კრიტიკა არ წარმოადგენს წარსულში პოლიტიკური პირის, როგორც მოსამართლის a priori აცილების წინაპირობას.

ამასთან, როგორც სასამართლო განმარტავს ის არ ეთანხმება მოსამართლე მანანა კობახიძის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ №1979 კონსტიტუციური სარჩელის და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი თუ პროცედურული საკითხების განხილვაში მისმა ჩართულობამ, გამორიცხულია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებს, საზოგადოებასა და, ზოგადად, ობიექტურ დამკვირვებელს, გაუჩინოს მყარი ეჭვები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მიკერძოებასთან დაკავშირებით.

„მსგავსი სტანდარტის დამკვიდრება ხელს შეუშლის საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებას და გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, მისი გაუმართლებელი პარალიზებაც კი გამოიწვიოს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელების კონსტიტუციური კომპეტენცია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია. ეს უკანასკნელი კი შედგება კონსტიტუციითვე განსაზღვრული რაოდენობის მოსამართლეებისაგან, რომელთა აცილების შემთხვევაში, არ არსებობს სხვა მოსამართლით მათი ჩანაცვლების შესაძლებლობა. ამდენად, მოსამართლის აცილების საფუძველი არ უნდა იყოს იმდენად ფართო, რომ საფრთხე შეუქმნას სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. შესაბამისად, აცილების ინსტრუმენტის გამოყენება უნდა მოხდეს საკმარისი სიფრთხილით, რათა, ერთი მხრივ, საფრთხე არ შეექმნას სასამართლოს ფუნქციონირებას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლომ არ დაკარგოს საზოგადოების ის ნდობა, რომელსაც დემოკრატიულ საზოგადოებაში უსათუოდ უნდა ატარებდეს და მის არსებით მახასიათებელს წარმოადგენდეს.

მოსამართლე მანანა კობახიძის მიერ გახმოვანებული კრიტიკა, საკუთრივ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ განხორციელდა მისი პოლიტიკური საქმიანობის პროცესში საკმაოდ დიდი ხნის წინ, განპირობებულია პოლიტიკური დაპირისპირების პათოსით და შინაარსობრივად შეიცავს მკაცრ, თუმცა ზოგადი ხასიათის კრიტიკულ გამონათქვამებს, რაც იმ პერიოდში დამახასიათებელი იყო იმ პოლიტიკური გუნდის პოზიციისათვის, რომლის წარმომადგენელიც იყო მანანა კობახიძე და, რასაც, ზოგადად, აჟღერებდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის არაერთი წევრი.

საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს რა ზემოთ აღწერილ გარემოებებს, არ ეთანხმება მოსამართლე მანანა კობახიძის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ №1979 კონსტიტუციური სარჩელის და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი თუ პროცედურული საკითხების განხილვაში მისმა ჩართულობამ, გამორიცხულია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებს, საზოგადოებასა და, ზოგადად, ობიექტურ დამკვირვებელს, გაუჩინოს მყარი ეჭვები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მიკერძოებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრობისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში გაკეთებული საჯარო განცხადებების შინაარსის, ფორმისა და კონტექსტის, აგრეთვე, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხებთან ამ განცხადებების მჭიდრო და პირდაპირი კავშირის არარსებობის პირობებში, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებს, საზოგადოებასა და ობიექტურ დამკვირვებელს არ უნდა გაუჩინოს ცალსახა და დამაჯერებელი ვარაუდი, რომ მოსამართლე მანანა კობახიძე №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, მოსამართლის ფიცს და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ პრინციპებს.

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, მოსამართლის თანამდებობაზე განწესებამდე, მისი პოლიტიკური აქტივობისას გაკეთებული განცხადებების შინაარსის, თუნდაც მკაცრი კრიტიკის პირობებში, აცილების წინაპირობად განსაზღვრა, გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის პარალიზებას და უარყოფითად აისახება ამ ინსტიტუციის როგორც მიუკერძოებლობაზე, ასევე ობიექტურობაზე. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მანანა კობახიძის შუამდგომლობა №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს”,- ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მსგავსი სიახლეები