ბერდია სიჭინავა - მთავარი მტკიცებულება იქნება ივანიშვილის ინტერვიუ
გიორგი გახარიას სისხლის სამართლის საქმეზე ტელეთერში გასულ ტელე რეპორტაჟებს იკვლევენ ექს-პრემიერის ადვოკატი, ბერდია სიჭინავას თქმით, მთავარი მტკიცებულება იქნება ივანიშვილის ინტერვიუ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დააანონსა სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება და გიორგი გახარიას დევნა.
„დათვალიერების ოქმები და დათვალიერების ოქმებზე თანდართული ვიდეოსიუჟეტები იქნება, რომელიც გადიოდა 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული, სადაც აღწერილია ჩორჩანაში არსებული ვითარება. ასევე ვიდეოსიუჟეტებში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები, თეა წულუკიანის, რომელიც კომისიას ხელმძღვანელობდა, ვახტანგ გომელაურის, რომელმაც ფაქტობრივად ჩვენება შეცვალა, საკუთარი პოზიციების საწინააღმდეგო ჩვენება მისცა სასამართლოში და სხვა თანამდებობის პირების, რომლებიც სხვანაირად საუბრობდნენ 2019 წელს და 7 წლის თავზე აღმოაჩინეს, რომ თურმე, ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევა ჰქონდა ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვას. ასევე, წარმოდგენილი იქნება სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები და ასევე, წარმოდგენილი იქნება ვიდეომტკიცებულებების სახით, რა ახსნა-განმარტება მისცა გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. მთავარი მტკიცებულება იქნება ივანიშვილის ინტერვიუ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დააანონსა მათ შორის, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება და გიორგი გახარიას დევნა პერსონალურად და მისი პოლიტიკური გუნდის წევრების მიმართ“, - განაცხადა სიჭინავამ.
ცნობისთვის, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. პროკურატურის ვერსიით, მან სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. გახარიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი.