„ივანიშვილი მოქმედებს კრიმინალური სინდიკატის პრინციპით და ყველას აიძულებს ანტიკონსტიტუციურ აქტში მონაწილეობას“ - გიორგი სიორიძე

12.10.26 16:45
„ივანიშვილი მოქმედებს კრიმინალური სინდიკატის პრინციპით და ყველას აიძულებს ანტიკონსტიტუციურ აქტში მონაწილეობას“ - გიორგი სიორიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, მმართველი ძალა ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს, რაშიც მოსამართლეების იძულებით ჩათრევას ცდილობს, პროცესის მონაწილეებს კი მკაცრი პოლიტიკური და საერთაშორისო შედეგები ელით.

„დღეს დილით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი ერთ-ერთი მოსამართლის, მანანა კობახიძის შუამდგომლობა პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ. ჩვენ არ გვიკვირს კობახიძის მცდელობა, თავი აარიდოს ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაში მონაწილეობას, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა იმ პირს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ივანიშვილის ამ გეგმის განხორციელებაში, ემუქრებათ არა მხოლოდ საერთაშორისო, ფინანსური და სავიზო სანქციები, არამედ ქართული საზოგადოების უმკაცრესი ვერდიქტი და სამარცხვინო ადგილი საქართველოს ისტორიაში. ეს ძალიან კარგად ესმით საკონსტიტუციო სასამართლოშიც, თუმცა ივანიშვილი მოქმედებს კრიმინალური სინდიკატის პრინციპით და ყველას აიძულებს ამ ანტიკონსტიტუციურ, დანაშაულებრივ აქტში მონაწილეობას. ივანიშვილის რეჟიმი აპირებს აკრძალოს ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც მათივე ოფიციალური მონაცემებით, მილიონამდე მოქალაქემ დაუჭირა მხარი.

პარტიების აკრძალვის პროცესი არის საქართველოში დემოკრატიის დასამარებისკენ ყველაზე დიდი ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს. ეს ნაბიჯი აზიანებს ჩვენს სახელმწიფოს, ის აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს წარმოადგენს, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ, მისი 78-ე მუხლი. საფრთხე შეიძლება შეექმნას, როგორც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ასევე საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ფინანსურ დახმარებებს და ყველა იმ პრივილეგიას, რომლითაც სარგებლობდა ჩვენი ქვეყანა და პირველ რიგში სარგებლობდნენ საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, საქმე გვაქვს ისტორიულ დანაშაულთან, რომლის გამოც „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ყველაზე დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა, რომელიც კი მას ოდესმე გადაუხდია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე”, — განაცხადა გიორგი სიორიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შუამდგომლობით პლენუმს 9 ოქტომბერს მიმართა.

კობახიძის განმარტებით, ვინაიდან წარსულში იგი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი წევრი, პარტიის თავმჯდომარე და ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო, მისმა მონაწილეობამ შესაძლოა საქმის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე გონივრული ეჭვები გააჩინოს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მანანა კობახიძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ის პროცესის განხილვაში დატოვა. 

მსგავსი სიახლეები