მუხლებზე დაცემულს მიბჯენით ესროლა - პირველი ინტერვიუ მშობლებთან, რომელებსაც ზურაბ ზვიადაურმა შვილი ჩაუცხრილა

04.12.21 21:02
მუხლებზე დაცემულს მიბჯენით ესროლა - პირველი ინტერვიუ მშობლებთან, რომელებსაც ზურაბ ზვიადაურმა შვილი ჩაუცხრილა

"სამართალი არ არსებობს, მკვლელი რატომ უნდა გაათავისუფლო?!" - წინანდალში, სისხლიანი დაპირისპირების შედეგად მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახი უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული, ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის გათავისუფლების შემდეგ პირველ ინტერვიუს "ნოდარ მელაძის შაბათს" აძლევს. 

27 წლის ბიჭის მშობლებისთვის თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილება თავზარდამცემი აღმოჩნდა.

კენჭოშვილის მამა მოსამართლეს მიმართავს- მისი შვილი, რომ გადარჩენილიყო, მიიღბდა თუ არა ნიკას გათავისუფლების გადაწყვეტილებას?!

ირკვევა ისიც, რომ მამუკა წიკლაურმა ოლიმპიური ჩემპიონი ციხიდან იქამდე გაუშვა, ვიდრე საქმეში  მოკლულის სამედიცინო ექსპერტიზა ჩაიდებოდა.

ექსპერტის დასკვნა ჯერ არ არის, საიდან გამოაქვთ ეს გადაწყვეტილაბა?! რა ვიცი იქ რა მოხდა? შეიძლება იმათი ნასროლი ტყვიითაა ზვიადაურის ძმა მოკლული. მე არ ვიძახი, რომ ამას (შვილს) არ მოუკლავს, მაგრამ ხომ შეიძლება, იარაღის ტრიალისას იქიდან (ზვიადაურების მხარემ) მოარტყა და მოკლეს ის ადამიანი. მიბჯენით რად უნდოდა ტყვიის სროლა, პირველად ვამბობ ამას, სურათებით გვაქვს ნანახი, 7 ადგილზე აქვს ჩემ შვილს ჭრილობები. რათ უნდოდა ახლოს, მიბჯენით სროლა, თავში წამოერტყა..."- აცხადებს მოკლულის მამა.

შვილ მოკლულმა მამამ "შაბათის ეთერისთვის" მიცემული ინტერვიუ შემდეგი სიტყვებით დაასრულა - "მე ვიცი რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს": 

"რასაც ახლა ვიტყვი, ამას ჩემი შვილის სულის ცხონებისთვის ვიტყვი - ყველაფერი უფლისთვის მიმინდია. პირადად მე ზვიადაურს შევუნდობ და ვაპატიებ!"- გვითხრა 27 წლის ბიჭის მამამ.

ნიკა კენჭოშვილის დედის თქმით, ზვიადაურით მთელი მათი ოჯახი ამაყობდა, თუმცა 4 თვის წინ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა 27 წლის შვილი 7 ტყვიით სიცოცხლეს გამოასალმა.

ესროლა ისეთი იარაღიდან, რომლის ერთი ტყვიაც კომაში აგდებს. 3-4-ჯერ მიბჯენით, შემდეგ კი მუხლზე დაცემულს, ორჯერ ზურგში ესროლა. ამას თავად ამბობს. ასეთი მკვლელი როგორ უნდა გამოუშვან, რატომ ახალისებენ ასეთებს, გინდ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი იყოს, ან თუნდაც ოლიმპიური ჩემპიონი?! რატომ ვცხოვრობთ ასეთ ქვეყანაში?!" - აცხადებს კენჭოშვილის დედა.

კენჭოშვილები, ზვიადაურის მხრიდან მოწმეების დაშინებას არ გამორიცხავენ. "ყოველ დღე შიშის ქვეშ ვარ და ველოდები საფრთხეს" - ამბობს 27 წლის ბიჭის დედა და დასძენს: "ისეთმა ადამიანმა მომიკლა შვილი, ვისაც უნდა მიაბარო და მისი იმედი უნდა გქონდეს". 

თავად ზვიადაური მედიასთან არ ჩნდება, მისი ინტრესების დამცველი, მაგდა კოტრიკაძე კი აცხადებს, რომ ოლიმპიური ჩემპიონი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, რადგან მისი მტკიცებით, ნიკა კენჭოშვილი ზვიად ზვიადაურის მკვლელობის შემდეგ, ზურაბ ზვიადაურის მკვლელობასაც აპირებდა. 

მან მხოლოდ მას შემდეგ განახორციელა გასროლა, რაც უკვე გარდაცვლილი იყო, ვასილ ცოცხალაშვილი, გარდაცვლილი იყო ზვიად ზვიადაური და დაჭრილი იყო ორი ადამიანი..."- აცხადებს ადვოკატი და ირწმუნება, რომ ზვიადაური შეიარაღებული კენჭშოშვილის განეიტრალება შეუიარაღებელმა სცადა.  

კოტრიკაძე დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე, არ პასუხობს კითხვებს, რამდენი ტყვია, როგორ და რა ვითარებაში ესროლა ზვიადაურმა 27 წლის ახალგაზრდას. 

ზურაბ ზვიადაური პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 17 აგვისტოს დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა პირი, რომელმაც მისი ძმა, ზვიად ზვიადაური მოკლა. "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება, ოლიმპიური ჩემპიონი ნაფიცი მსაჯულების საბოლოო ვერდიქტს თავისუფლებაზე დაელოდება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები