ევროკავშირი საქართველოს საკითხს იანვარში სიღრმისეულად განიხილავს - გაფრთხილება EU-დან

13.10.26 15:23
ევროკავშირი საქართველოს საკითხს იანვარში სიღრმისეულად განიხილავს - გაფრთხილება EU-დან

ევროკავშირი საქართველოს საკითხს იანვარში უფრო სიღრმისეულად განიხილავს. ამის შესახებ ევროგაერთიანების პრესსპიკერმა „ევროსკოპის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კრისტიან ვიგანდის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი განხილვა იანვარში დაგეგმილი დისკუსიის წინასწარი ეტაპი იყო.

პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საკითხის განხილვა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გაუარესების ფონზე მიმდინარეობს, თუმცა იანვრის შეხვედრის შესაძლო შედეგებზე დეტალები არ დაუკონკრეტებია.

გუშინ იყო მოკლე განხილვა საქართველოს საკითხზე, რაც, როგორც მე გავიგე, უფრო ერთგვარი წინასწარი შეტყობინება იყო იანვარში დაგეგმილი დისკუსიის შესახებ, რომლისთვისაც მეტი დროა გათვალისწინებული.

მინისტრებმა განიხილეს საქართველოს საკითხი დემოკრატიული უკუსვლის გაუარესების ფონზე. ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, მაგრამ ქართული ოცნება მათ ამ მომავალს სისტემატურად ართმევს. ამიტომ საგარეო საქმეთა მინისტრები იანვარში კვლავ დაუბრუნდებიან ამ საკითხს სიღრმისეული განხილვის მიზნით. ამ ეტაპზე სხვა დეტალის თქმა არ შემიძლია, - განაცხადა კრისტიან ვიგანდმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა სულ უფრო ღრმავდება, ხოლო „ქართული ოცნება“ მოსახლეობას ევროპულ მომავალს სისტემატურად ართმევს.

კალასის თქმით, ევროკავშირის ამჟამინდელი მიდგომა ცვლილებების მისაღწევად საკმარის ზეწოლას ვერ უზრუნველყოფს. მისივე განცხადებით, აღნიშნულ საკითხს ევროკავშირი იანვარში დაუბრუნდება.