ზოგს გამოცდილება და გამბედაობა ჰყოფნის, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ მტკიცებულებას არ მოაწეროს ხელი - ბუჩუკური
“გახარია საქართველოსთვის” პარტიის წევრი, ანა ბუჩუკური საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ეხმაურება და წერს, რომ “ზოგს გამოცდილება და გამბედაობა ჰყოფნის, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ მტკიცებულებას არ მოაწეროს ხელი“.
მისი თქმით, ყველას, ვინც საკუთარ ქვეყანაში დიქტატურის ჩამოყალიბების მცდელობას აწერს ხელს, ინდივიდუალური პასუხისგება მოუწევს.
“მაფიოზური” პრინციპია - ყველა უნდა გაისვაროს.
ყველა პროკურორს, ყველა მოსამართლეს, ყველა დეპუტატს - ყველას, ვინც საკუთარ ქვეყანაში განსხვავებული აზრის აკრძალვაში იღებს მონაწილეობას და ხელს აწერს დიქტატურის ჩამოყალიბების მცდელობას, ინდივიდუალური პასუხისგება მოუწევს.
ცხადია, ზოგს გამოცდილება და გამბედაობა ჰყოფნის, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ მტკიცებულებას არ მოაწეროს ხელი”, - წერს ანა ბუჩუკური.
ცნობისთვის, მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.
ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
მანამდე, მანანა კობახიძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდებას ითხოვდა.
მოსამართლის ეს მოთხოვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.