პარტიების აკრძალვის პროცესები ჩანიშნეს ფორსირებულად - 21, 22, 23 ოქტომბერი - კუპრაძე
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21 ოქტომბრიდან ჩაინიშნა.
ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება.
„დამირეკეს საკონსტიტუციო სასამართლოდან, პარტიების აკრძალვის პროცესები ჩანიშნეს ფორსირებულად - 21 ოქტომბერი, 22 ოქტომბერი, 23 ოქტომბერი. მონდომებაც ამას ჰქვია“, - წერს ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში.
“ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
პლენუმის შემადგენლობაში, რომელიც აღნიშნულ საქმეს განიხილავს, არიან - რევაზ ნადარაია, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე და ვასილ როინიშვილი.
- დღეს ცნობილი გახდა, რომ საქმის განხილვაში არ მიიღებს მონაწილეობას მოსამართლე მანანა კობახიძე. მან თავდაპირველად თვითგანრიდება მოითხოვა, თუმცა კოლეგებმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, რის შემდეგაც კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დატოვა.
ცნობისთვის, ახალი სარჩელი პარლამენტის 88 წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოში 2026 წლის 24 სექტემბერს შეიტანა.
კანონმდებლობის თანახმად, ამ კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ცხრა თვე აქვს. შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანის ვადა 2027 წლის 24 ივნისს იწურება.