“იმედის“ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე - გრიგოლ გეგელია

27.11.26 17:20
“იმედის“ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე - გრიგოლ გეგელია

“ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია ტელეკომპანია “იმედს“ უჩივის და  მისი განცხადებების დამახინჯებაში ადანაშულებს. 

მისივე თქმით, ის აპირებს, რომ ტელეკომპანია „იმედს” უჩივლოს როგორც საქალაქო სასამართლოში, ასევე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში.

„მე ახლახან პარტიული ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე, რომელიც როგორც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სრულიად სამარცხვინო პროპაგანდაშია ჩართული და ამჯერად, „იმედმა“ იკადრა, რომ ჩემ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასება „იმედის კვირის“ ეთერში დაემახინჯებინა და სრულიად საპირისპიროდ გადაეცა. კერძოდ მათ თქვეს, რომ თურმე მე გავეშებული ვიბრძვი, ჩემს გუნდთან ერთად, ქართველი ხალხის სანქციების მიზნით, რაც სრული სიცრუე და სამარცხვინო ტყუილია, რადგანაც სიმართლე, რომელიც არაერთხელ განვაცხადეთ საკონსტიტუციო სასამართლოში არის ის, რომ ჩვენ არასოდეს არ მოგვითხოვია ქართული ხალხის, სახელმწიფოს დასანქცირება და დაზარალება. პირიქით, ყოველთვის მკაფიოდ კონკრეტული პირების დასანქცირებას და ტარგეტირებულ მიზნობრივ სანქციებს ვითხოვდით. იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანთა უფლებების მასობრივ დარღვევებში იყვნენ შემჩნეულნი, რომლებიც ჩვენს დემოკრატიას, საგარეო პოლიტიკას ძირს უთხრიდნენ და მასობრივი კორუფციით არიან დაკავებულები. ყოველთვის ასეთი პირების მიმართ და წინააღმდეგ ვითხოვდით სანქციებს და ეს ემსახურებოდა იმას, რომ ქართველი ხალხის ინტერესები, 78-ე მუხლი და საქართველოს კონსტიტუცია ყოფილიყო დაცული.

„იმედმა“ იკადრა, რომ ჩემთვის დაებრალებინა, თითქოს მე ქართველი ხალხის დასანქცირება მომითხოვია, რისი დამადასტურებელი ერთი მაგალითიც არ არსებობს. ამიტომაც მე სასამართლოში ვუჩივი, ასევე დღესვე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაშიც და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ვუჩივლებ. დადგა დრო, როდესაც ამ სიცრუეზე მათ პასუხისგება მოუწევთ და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ქართველი ხალხის შეყვანა ასეთ შეცდომაში ჩვენი ერის დემოკრატიისა და სახელმწიფოს წინაშე წარმოუდგენელი დანაშაულია. მე არ ვაპირებ, რომ ეს ამბავი ასე დავტოვო და ყოველ ჯერზე, როდესაც „იმედი“ მსგავს რამეს იკადრებს ჩვენგან ძალიან კონკრეტულ სამართლებრივ ნაბიჯებს უნდა ელოდნენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საქმე ძალიან მალე დაიძვრება და დღის სინათლეს იხილავს. იმ ძალიან კონკრეტული ვიდეო მტკიცებულებებით ქართველი ხალხი ნახავს, რაც უკვე წარდგენილია და ჩემი გამოსვლა საკონსტიტუციო სასამართლოში არის საჯარო, ქართველი ხალხი ნახავს თუ რა არის სიმართლე. ბრძოლა სიმართლისთვის არის ფასეული და მნიშვნელოვანი, ჩვენ ამისთვის ვიბრძვით ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ ინსტანციაში ამ სასამართლოშიც ვიბრძოლებ, ჩემი სიმართლის დასაცავად. რაც ყველაზე მთავარია, მინდა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ჩვენ მათი ინტერესების დასაცავად ვიბრძვით და „იმედის“ მსგავსი შავრაზმული, შავბნელი ტელეკომპანიები ვერ შეძლებენ ჩვენს დაყოფას და დაქუცმაცებას, ჩვენ ჩვენი ერთიანი სიმართლით გავიმარჯვებთ“, - განაცხადა გეგელიამ.

მსგავსი სიახლეები