თამაზაშვილი: თურქმა მინისტრმა არასრული ჩანაწერი გაასაჯაროვა, იქ თურქი ქომაგების პროვოკაციული შინაარსის ბანერებზე იყო საუბარი

27.11.26 16:22
თამაზაშვილი: თურქმა მინისტრმა არასრული ჩანაწერი გაასაჯაროვა, იქ თურქი ქომაგების პროვოკაციული შინაარსის ბანერებზე იყო საუბარი

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქ კოლეგის მიერ გავრცელებულ სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე განმარტება გააკეთა. 

მისი თქმით, მას ჩანაწერი არ გაუკეთებია, თუმცა, რომც გაეკეთებინა, ბევრად საინტერესო ნაწილს გაავრცელებდა, სადაც ის თავის კოლეგას თურქი გულშემატკივრების პროვოკაციულ ქმედებებზე მიუთითებდა.

ჩანაწერთან დაკავშირებით, ჩემდა გასაკვირად, მეც მოვუსმინე ამ ჩანაწერს. მე ვადასტურებ, ჩემს კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, მე არ ჩამიწერა ჩვენი საუბარი, თუმცა, რა თქმა უნდა, რომ მქონოდა ასეთი ჩანაწერი აუცილებლად ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი და აქცენტირებას გავაკეთებდი საუბრის უფრო საინტერესო ნაწილზე, როცა ჩემს კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ ინფორმაცია გვქონდა უკვე დღის პირველ ნაწილში, ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები, ღია წყაროებში, სოციალურ ქსელებში და პოზირებდნენ ამ ბანერებთან, რაც იყო ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი და რაზეც ჰქონდა ნეგატიური შეფასებები ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტური პრევენცია, საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა აღკვეთილი ამ ბანერების შემოტანა ქვეყანაში“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

რა მოხდა ბათუმში:

  • თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
  • ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც.
  • პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს.
  • შსს-ს ცნობით, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.

 

მსგავსი სიახლეები