თამაზაშვილი: თურქ ქომაგებს ისეთი შინაარსის ბანერები ჰქონდათ, ეს რომ გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა
შს მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელის“ მატჩის დროს მომხდარი დაპირისპირების შესახებ მედიასთან საუბრობს - როგორც თამაზაშვილი აცხადებს, თურქ ქომაგებს ისეთი შინაარსის ბანერები ჰქონდათ საქართველოში შემოტანილი, ეს რომ მატჩის დროს გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა.
თამაზაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ მან თურქ კოლეგას მუსტაფა ჩიფთჩისაც განუცხადა, რომლის სატელეფონო ჩანაწერიც თურქულმა მხარემ გაავრცელა. თუმცა მინისტრის თქმით, თურქეთმა ჩანაწერის მხოლოდ ფრაგმენტი გაასაჯაროვა.
თამაზაშვილი ამბობს, რომ სატელეფონო საუბრის დროს მუსტაფა ჩიფთჩის იმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ თურქ ქომაგებს პროვოკაციული შინაარსის, ჩვენი ქვეყნისთვის შეურამცხმყოფელი ბანერები, ღია წყაროებში საჯაროდ ჰქონდათ განთავსებული და ამ ბანერებთან ერთად პოზირებდნენ.
"ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტური პრევენცია, საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა აღკვეთილი ამ ბანერების შემოტანა ქვეყანაში" - განაცხადა მინისტრმა.
ჩემდა გასაკვირად, მოვუსმინე ამ ჩანაწერს, ვადასტურებ, ჩემ კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი, მე არ ჩამიწერია, თუმცა, რომ მქონოდა ასეთი ჩანაწერი, აუცილებლად ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი, აქცენტირებას გავაკეთებდი საუბრის უფრო საინტერესო ნაწილზე, როცა ჩემ კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინფორმაცია გვქონდა დღის პირველ ნაწილში, ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები, ღია წყაროებში და პოზირებდნენ ამ ბანერებთან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო შეურაცხმყოფელი და რაზეც ჰქონდათ ნეგატიური შეფასებები ჩვენს მოქალაქეებს.
ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტური პრევენცია, საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა აღკვეთილი ბანერების შემოტანა ქვეყანაში. დაახლოებით, 100-მდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერი, მათ შორის, ზოგი ძალიან დიდი ზომის, იქნა ამოღებული და ჩამორთმეული. ამის შესახებ მალევე მატჩამდე, ჯერ კიდევ, საპოლიციო ატაშეების მეშვეობით, მოხდა ინფორმაციის გაცვლა და კოლეგებმა მადლობაც გადაგვიხადეს. მოგვიანებით, სწორედ ეს ინფორმაცია გავუზიარე ჩემს კოლეგას და ავუხსენი, მათ შორის ის, რომ ამ შინაარსის ბანერების გამოყენება რომ მომხდარიყო მატჩის დროს სტადიონზე, რეალურად პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო. სწორედ ამიტომ, მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ის თანამშრომლებს, რომლებმაც ძალიან ეფექტურად იმუშავეს. დაახლოებით, 14-15 საათზე გავრცელდა ეს ბანერები ღია წყაროებში და საღამოს უკვე აღკვეთილი იყო და არც ერთი ბანერის გამოყენება სტადიონზე, მატჩის, სპორტული ღონისძიების დროს არ მომხდარა, რაც არის საამაყო“, - განაცხადა თამაზაშვილმა.
რა მოხდა ბათუმში:
- თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
- ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც.
- პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს.
- შსს-ს ცნობით, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.