„ნაციონალური მოძრაობისთვის“ პატივია, რომ რუსული რეჟიმი გვაუქმებს - წითლიძე
ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პატივია, რომ რუსული რეჟიმი გვაუქმებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ეს ბრძოლისა და პრინციპების ერთგულების ნიშანია“.
„მალე გაგვაუქმებენ თუ გვიან - ჩვენთვის არაფერი იცვლება.
კედელთანაც რომ მიგვაყენონ და დაგვხვრიტონ, სანამ ცოცხლები ვართ, საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის ბრძოლა არ შეჩერდება!
ვერც იდეას მოკლავთ, ვერც ბრძოლისუნარიანობას და ვერც ერთ ჩვენგანს! მითუმეტეს ვერც ნაციონალურ მოძრაობას!
მხოლოდ კი არ გადავრჩებით - საბოლოოდ გავიმარჯვებთ კიდევაც“, - წერს წითლიძე.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21 ოქტომბრიდან ჩაინიშნა. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან გახდა ცნობილი.
მათი ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება.
ცნობისთვის, ახალი სარჩელი პარლამენტის 88 წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოში 2026 წლის 24 სექტემბერს შეიტანა.
კანონმდებლობის თანახმად, ამ კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ცხრა თვე აქვს. შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანის ვადა 2027 წლის 24 ივნისს იწურება.