"არავითარი ფასი არ აქვს"- "ოცნებაში" ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნაზე პირველი კომენტარი გაკეთდა
"ქართულ ოცნებაში" ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნაზე პირველი კომენტარი გაკეთდა. არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ დოკუმენტს "არავითარი ფასი" არ აქვს.
მისი მტკიცებით, "დასკვნა არ არის სამართლებრივი შინაარსის, არის პოლიტიკური მექანიზმისთვის გამოსაყენებელი კარგი საშუალება მავანის თვალში".
„დასკვნაში არცერთი და არავითარი სამართლებრივი საკითხი არ არის მითითებული, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველია, რათა ისევ და ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცეს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოყვეს. ამავე დასკვნაში არის მითითებული, რომ თურმე პარლამენტმა არ უზრუნველყო დაინტერესებული მხარეების, ანუ უშუალოდ ვისზეც ეს კანონი გავლენას ახდენს, მათი ჩართულობა, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. ყველა საკომიტეტო სხდომა არის ღია, ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ მოვიდეს და დაესწროს საკომიტეტო სხდომის მიმდინარეობას და ამავე დროს პოზიცია დააფიქსიროს. აქ საუბარი იმაზეა და საოცრება ისაა, რომ ჩვენ რატომ არ შევუთანხმეთ კაპიტან გიგაურს, ლომჯარიას კანონპროექტები, რატომ არ ავიღეთ წინასწარი თანხმობა. შავით თეთრზე წერია, რომ წინასწარი თანხმობა არ გვქონია მათგან მიღებული. დაახლოებით ეს ისეთი ვარიანტია, რომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ან ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა, სანამ მივიღებთ, რომ შევუთანხმოთ წინასწარ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ პირებსა და ნარკორეალიზატორებს. ამ აბსურდამდეა მისული ვენეციის კომისია, შესაბამისად, ამ დასკვნას არავითარი ფასი არ აქვს. მხოლოდ და მხოლოდ გამოყენებულია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე. წ. პოლიტიკოსებისა და პოლიტიკანების მიერ.
არავინ ეკითხება ვენეციის კომისიას, როგორი პოლიტიკური ლანდშაფტი ან გარემოა ქვეყანაში, ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ მათი ფუნქციაა სამართლებრივად შეაფასონ კონკრეტული კანონები ან კანონთა პაკეტი. მაგრამ ისინი პირდაპირ გადასულები არიან პოლიტიკურ შეფასებებში, რომლებიც პირდაპირ თანხვედრაშია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეულ წევრის მიერ გაჟღერებულ მათ შორის, უცხო ქვეყნის იურისდიქციაზე დაქვემდებარებულ, კაპიტანი გიგაურის ე.წ. „საერთაშორისო გაუმჭვირვალობის“ პარტიულ ორგანიზაციასთან. როცა ისინი გვეუბნებიან, მათ შორის, ამავე დასკვნაში არის მითითებული, რომ ჩვენ ამ ქვეყნის არსიდან გამომდინარე დავწერეთ ეს დასკვნაო. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ისინი არიან მიკერძოებულები. სამართალი როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში, საფრანგეთსა და ევროსაბჭოს ნებისმიერ ქვეყანაში არის ერთი და იგივე, მიუხედავად ამისა, ისინი კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით წერენ დასკვნებს და არა ზოგადად სამართლებრივ ჭრილში, რაც ხაზს უსვამს, რომ მათი დასკვნა არ არის სამართლებრივი შინაარსის, არის პოლიტიკური მექანიზმისთვის გამოსაყენებელი კარგი საშუალება მავანის თვალში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქართული საზოგადოებისთვის ასეთ დასკვნებს ფასიც კი არ აქვს. მაშინ, როცა ვენეციის კომისია მაღალი რეპუტაციით გამოირჩეოდა წარსულში, ჩვენ მათთან არაერთხელ გვითანამშრომლია, ისინი გავიდნენ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, საკუთარი მანდატიდან და მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტის სახეს იღებენ“,- განაცხადა გორდულაძემ.
ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებზე კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა და „ქართულ ოცნებას“ ნორმების გადახედვისკენ მოუწოდა. ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო-სამართლებრივი მრჩეველი ორგანოს შეფასებით, მიღებული საკანონმდებლო ჩარჩო ეწინააღმდეგება დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს, ზღუდავს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს — გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას — და საფრთხეს უქმნის პოლიტიკური პლურალიზმისა და ოპოზიციის არსებობას.
კომისიის დასკვნით, დოკუმენტი სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად კონსტიტუციურ სისტემას ძირს უთხრის. ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ სამართლებრივი განსაზღვრულობის დეფიციტსა და ბუნდოვან ტერმინებზე („გრანტი“, „პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობა“, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ და სხვა), რაზეც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და არაპროპორციული ჯარიმების გავრცელება დაუშვებლად მიიჩნევა.
ამასთან, ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დასკვნის მომზადების პროცესში თანამშრომლობაზე უარი თქვა.