„ქართულ ოცნებას“ მოუწევს ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა - გიორგი სიორიძე
„ქართულ ოცნებას“ მოუწევს ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე" - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე პარტიების აკრძალვის საკითხს.
პოლიტკოსის თქმით, პარტიების აკრძალვით ივანიშვილის ოცნება აზიანებს ქვეყნის მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე.
„პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მხოლოდ ორგანიზაციულ აკრძალვას და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვას არ ნიშნავს. ამ პროცესით ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ დაახლოებით, მილიონ ამომრჩეველს წაართვას არჩევანი. ამისთვის, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, რითაც დაზიანდება სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანაც. ეს შეეხება, როგორც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ასევე, სხვა უამრავ პრივილეგიას, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობდნენ. თუმცა, „ქართული ოცნებისთვის“ და ყველა იმ პირისთვის, ვინც ივანიშვილის ამ დანაშაულებრივ სქემაში მიიღებს მონაწილეობას, ეს იქნება ძალიან მძიმე განაჩენი საზოგადოების მხრიდანაც და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც, პერსონალური სანქციების გათვალისწინებით და ა.შ. ყველაზე მთავარი ის გახლავთ, რომ ვერავინ, ვერც ივანიშვილი მათ შორის, ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, დასავლური ვექტორისთვის. ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მოკავშირეები ამ საქმეში და არ ვაპირებთ გავჩერდეთ.
რაც შეეხება „ძლიერ საქართველო - ლელოს“, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის, ჩვენ სათადარიგო გეგმები გვაქვს, მაგრამ ვინაიდან ფორსირებულ რეჟიმში წავიდა პროცესები, დღეს, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება, კიდევ ერთხელ იმსჯელებს და ამის შემდეგ დავსახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს“, - განაცხადა სიორიძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.