დღეს სანქციები არის უპრაგონოდ მოქნეული აქეთ-იქით, ხანჯალივით - ქადაგიშვილი

14.10.26 15:30
დღეს სანქციები არის  უპრაგონოდ მოქნეული აქეთ-იქით, ხანჯალივით - ქადაგიშვილი

ევროკავშირის კრიტიკის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვას ამართლებს და აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ევროპისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს, თუ ის ობიექტურად დასაბუთებულია.

ქადაგიშვილი ოპოზიციას ანტიდემოკრატიულ საქმიანობაში ადანაშაულებს, ხოლო ევროპელ პარტნიორების სანქციებს არაობიექტურს უწოდებს.  

თუ ობიექტურად დასაბუთებულია და სასამართლო ჩათვლის ამ სარჩელს ობიექტურად და დასაბუთებულად და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არის სასამართლო გადაწყვეტილება, ამიტომ ობიექტურობა არ შეიძლება იყოს ევროკავშირისთვის მიუღებელი ან მისაღები, ობიექტურობა არის ობიექტური გადაწყვეტილება.

ოპოზიცია ყოველთვის ასრულებდა ანტდემოკრატიულ როლს. ჩატარდა არჩევნები და ეს არჩევნების შედეგები, ბოდიში, და მიუყარეს ხალხს უკან და დაიწყეს საზღვარგარეთ სიარული იმისთვის, რომ დაასანქცირეთ ეს ქვეყანაო. ეს არის ოპოზიცია? ასეთი ოპოზიცია ევროპაში რომ არსებობდეს, ვინმე გააჩერებს მათ პოლიტიკურ ველზე და არ აკრძალავს? მთავარი რისკი არის ის, რომ ქვეყანაში არ იყოს დესტრუქციული პოლიტიკური ძალები. დღეს სანქციები არის, ხშირ შემთხვევაში, უპრაგონოდ მოქნეული აქეთ-იქით ხანჯალივით თუ ხმალივით. აქედან გამომდინარე, ვიმეორებ, კანონიერი რაც იქნება და კანონით გადაწყვეტილი, ის არის ქვეყნის ინტერესებში, - ამბობს ქადაგიშვილი.

 საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.