ზურაბიშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო "პოლიტიკური დევნის იარაღად" არის გადაქცეული
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო "პოლიტიკური დევნის იარაღად" დიდი ხანია რაც გააქცეულია.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ეს პირველმა მან განიცადა, როცა მის მიმართ იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობდა.
"საკონსტიტუციო სასამართლო უკვე კარგა ხანია გამოვიდა იმ როლიდან რაც უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლო" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ფბ-ლაივში.
საკონსტიტუციო სასამართლო (ხელისუფლების პოლიტიკური დევნის იარაღად) მემგონი ცოტა მეტი ხანია რაც იქცა. მე პირადად განვიცადე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაქცევა პოლიტიკური დევნის ინსტიტუტად, როცა დაიწყეს ჩემს მიმართ იმპიჩმენტის პროცედურები. თუმცა ჯერ კიდევ საკონსტიტუციოში იყო ის სამის მოსამართლე, რომლებმაც გამოსცეს განსხვავებული მოსაზრება, რომელიც დარჩება ისტორიაში. ის იყო ძალიან არგუმენტირებული და ბევრად უფრო, ვიდრე ის რაც იყო კობახიძის მიერ წარდგენილი არგუმენტები, ირაკლი კობახიძეს ვგულისხმობ. საკონსტიტუციო სასამართლო უკვე კარგა ხანია გამოვიდა იმ როლიდან რაც უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ რომ გვქონდეს კარგი საკონსტიტუციო სასამართლო, ჩვენ სასამართლოც გვექნებოდა და ზოგადად დაცული იქნებოდა ადამიანის უფლებები და საერთოდ კონსტიტუციური წყობა საქართველოში, რაც არ არის დაცული", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.