გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი ტრენდს აყვა
გია ვოლსკის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან გაუჭირდება, იმის დამტკიცება, რომ პროცესს პოლიტიკური სარჩული აქვს.
როგორც "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, დანაშაულის ფაქტი რეალურია, გადაღებულია და ირაკლი ღარიბაშვილმა ეს თავადაც აღიარა
„ძალიან გაუჭირდება ადვოკატსაც და თვითონ ირაკლისაც დაამტკიცოს, რომ რაღაც პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში, დაკავებაში, სასამართლო პროცესში და პროკურატურას სხვა არაფერი გააჩნია, თუ არა პოლიტიკური მოსაზრებები, იმიტომ, რომ ფაქტი რეალურია. ეს რეალური ფაქტი მან აღიარა, არა იმიტომ, რომ როგორც შემდგომ მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს გაუწია ხათრი და ანგარიში, არამედ რეალური ფაქტები დაიდო, გადაღებული იქნა. კრიმინალური დანაშაული სახეზეა და არა მარტო ეს დანაშაულია სახეზე, საერთოდ დანაშაულია, როდესაც აი ასეთი ვითარებიდან გამომდინარე შენ კიდევ სხვაც გყავს ჩართული სახელმწიფო სტრუქტურებიდან. აგერ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ავიღოთ, აი ამ დანაშაულებრივ სქემაში. აქ ძალიან ძნელი იქნება თავის მართლება, მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაც გარკვეულ ტრაგიკულ ელემენტებსაც ატარებს.
ტრენდი შეიქმნა ასეთი, რომ დანაშაულს თუ ჩაიდენ, მაგალითად 17 მილიონს თუ მოიპარავ ბანკიდან და გადარიცხავ ოფშორულ ზონაში, უნდა თქვა, რომ მე პოლიტიკური პარტია ვარ, პოლიტიკური პარტია შექმნა. მერე უნდა თქვა, რომ აი, ამ რეალობას, რასაც თვითონვე აღიარებენ, მაგალითად კონკრეტული ადამიანები, იმის გამო კი არ ხდება, რომ დანაშაული იქნა ჩადენილი, არამედ პოლიტიკური ქოლგის ქვეშ უნდათ, რომ დაიმალონ.
იგივე ხდება ღარიბაშვილის შემთხვევაშიც. დაცვის მხარეს სხვა არანაირი არგუმენტი არ გააჩნია და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ამას ყველაფერს პოლიტიკური სარჩული დაუდონ“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მოსამართლე ლელა კალიჩენკოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი, სადაც ის მამუკა მდინარაძეზე საუბრობს, გამოსაკვლევ მტკიცებულებად საქმეს არ დაერთო - აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.
ცნობისთვის, ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.
გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.