თენგიზ შარმანაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში მოუწია აეხსნა, რატომ ეკიდა კაბინეტში სააკაშვილის ფოტო

21.10.26 14:21
თენგიზ შარმანაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში მოუწია აეხსნა, რატომ ეკიდა კაბინეტში სააკაშვილის ფოტო

„ქართული ოცნების“ დეპუტატს, თენგიზ შარმანაშვილს განმარტების გაკეთება მოუწია, რატომ ეკიდა კაბინეტში მიხეილ სააკაშვილის სურათი, როდესაც ის სომხეთში ელჩი იყო - ეს მოხდა მას შემდეგ რაც, ენმ-ის ლიდერმა ანა წითლიძემ მესამე პრეზიდენტის მოწმედ მიყვანის შუამდგომლობა დააყენა. 

შარმანაშვილს წითლიძემ შეახსენა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ელჩად მიხეილ სააკაშვილის დანიშნული იყო.

ივანიშვილის გუნდის წევრმა სხდომაზე ირწმუნებოდა, რომ სახელმწიფო მეთაურის ფოტოს ჩამოხსნას კაბინეტში საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგლამენტი უკრძალავდა. შარმანაშვილის განცხადებით, დიპლომატიურ სამსახურის შესახებ კანონში წერია, რომ ელჩი პოლიტიკურად ნეიტრალურია და არანაირად შიდა პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს. ამიტომ შარმანაშვილის თქმით, ამ კანონიდან გამომდინარა  „ყოვლად წარმოუდგენელია“, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების „რამე ფიგურად“ წარმოაჩინონ.

  • აღსანიშნავია, რომ თენგიზ შარმანაშვილი, 2011 წელს მიხეილ სააკაშვილის წარდგინებით საქართველოს ელჩი გახდა სომხეთში, ხოლო იქამდე, 2010 წელს იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი.

ელჩზე ლაპარაკობს [ანა წითლიძე], რომელსაც დიპლომატიურ სამსახურის შესახებ კანონში უწერია, რომ ელჩი არის პოლიტიკურად ნეიტრალური და არანაირად შიდა პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს. ანუ მე მეკავა თანამდებობა იმ პერიოდში, როდესაც იგივე კანონმდებლობა, რომელიც დღესაც მოქმედებს, ამ ნაწილში პოლიტიკურ მოღვაწეობას ყველანაირად უკრძალავდა. ასე რომ ლაპარაკი იმაზე, რომ პოლიტიკური საქმიანობის შესახებ, ვინმეს მიმართ ამ წლების განმავლობაში მე გამოვდგე რამე ფიგურად, არის ყოვლად წარმოუდგენელი ისევ ამ კანონმდებლობიდან გამომდინარე. ეს, თან ხშირად გვხვდება, ვითომ კომპრომატად. იმდენად სასაცილო დონემდე მიდიან, რომ როდესაც ელჩი ვიყავი, სახელმწიფოს მეთაურის სურათი ეკიდა ელჩის კედელზე, ასე, იყო დადგენილი საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგლამენტით და ეს, რატომ ეკიდაო? მარტო მე კი არა, მაშინ 30-ზე მეტი ელჩი გვყავდა მთელ მსოფლიოში და ყველგან ეკიდა. აი, ასეთი კომპეტენციის ხალხთან გვაქვს საქმე და ამათ ჰგონიათ, ასეთი რაღაცის წარმოჩენით, რაღაცას გააკეთებენ“,- განაცხადა შარმანაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.