წითლიძე: გორდულაძე აძლევს მიმართულებას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ვის უნდა შეაწყვეტინოს სიტყვა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ანა წითლიძე აცხადებს, რომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი, არჩილ გორდულაძე "გაცამატვერდა მთელი ამ სამართლებრივი პროცესით".
ენმ-ს ლიდერი ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" არ აქვს სამართლებრივი არგუმენტები მათ წინააღმდეგ. მისივე თქმით, გორდულაძე ხმაურობს მაშინ, როდესაც ახსენებენ რუსეთს, რეჟიმს ან ბიძინა ივანიშვილს.
წითლიძე აცხადებს, რომ გორდულაძე აძლევს მიმართულებას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ვის რა ფორმით უნდა გააგრძელებინოს სიტყვა.
"გორდულაძეს სამართლებრივი არგუმენტი, რომ არ აქვს და გაცამტვერდა მთელი ამ სამართლებრივი პროცესით. ეს ყველაფერი არ უკავშირდება სამართლებრივ პროცედურას და ვანახეთ რა ხდება სასამართლოში - თუ ვინ არიან ის ვითომ მოწმეები, ვინც დაკითხული ჰყავდათ საგამოძიებო კომისიაზე. ახლა ერთი სული აქვთ, რომ, როგორც პარლამენტში, რომელიმე ოპოზიციის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ ალბათ.
განცხადებების დროს, სადაც ძირითადად ვახსენებთ რუსეთს, ვახსენებთ რეჟიმს ან ბიძინა ივანიშვილს, გორდულაძის მთავარი ფუნქცია არის, რომ ადგეს და გააპროტესტოს.
რეალურად გორდულაძე აძლევს მიმართულებას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ვის უნდა შეაწყვეტინოს, ვის უნდა უთხრას, რომ ეს არის პოლიტიკური ნაწილი, ვინ უნდა გააჩუმოს და ვის რა ფორმით უნდა გააგრძელებინოს" - აცხადებს ანა წითლიძე.
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა ხვალ 11:00 საათზე კვლავ ახსნა-განმარტების ეტაპით განახლდება.
პროცესზე, 30 ოქტომბერს, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლს, გიორგი სიორიძეს მოუსმენენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია ამბობს, ხვალ სხდომაზე გათვალისწინებულია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ახსნა- განმარტებების მოსმენაც.
ცნობილია, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში მხარეები შეისვენებენ და პროცესი ახალ ეტაპით, რომელიც კითხვა-პასუხს მოიცავს, 9 ნოემბრიდან განახლდება.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.