იტალიელი სენატორი ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს
იტალიის სენატის სხდომაზე დემოკრატიული პარტიის (PD) სენატორმა ფილიპო სენსიმ საქართველოს ხელისუფლების მისამართით მწვავე განცხადებები გააკეთა. მან იტალიის მთავრობას მოუწოდა, შეწყვიტოს „შემრიგებლური“ დიპლომატიური შეხვედრები საქართველოს მთავრობასთან და კატეგორიულად მოითხოვოს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას, მზია ამაღობელის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
საკუთარ გამოსვლაში სენსიმ ვრცლად ისაუბრა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ და თქვა, რომ საქართველოს რეჟიმმა ოპოზიციონერი ლიდერი გამოგონილი მიზეზით წელიწად-ნახევრიანი პატიმრობით დასაჯა, ციხეში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება.
პარტია „დროას“ ლიდერი ქართულმა რეჟიმმა, საბაბით, წლინახევრიანი პატიმრობა მიუსაჯა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგრესულად უარესდება. დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ის ჩანს ეტლზე, მოკლე თმით, ძალიან დაღლილი სახით, შედის სამედიცინო დაწესებულებაში და ერთადერთს ახერხებს - იყვიროს, რომ წინააღმდეგობას გაუწევს და ბოლომდე იბრძოლებს, შემდეგ კი გამარჯვების ნიშანს აჩვენებს და წინააღმდეგობის მუშტს აღმართავს.
შვიდასი დღეა. შვიდასი დღეა, რაც ახალგაზრდები ქუჩაში გამოდიან, ისევე როგორც სერბეთში, ასევე საქართველოშიც, საქართველოს მთავარ მოედნებზე.
ძალიან დელიკატურ მომენტში საკონსტიტუციო სასამართლო მუშაობს იმისთვის, რომ, დიდი ალბათობით, მიაღწიოს მთავარი ოპოზიციური პარტიების დაშლას. მოსმენები მიმდინარეობს და ეს შეიძლება იყოს რეჟიმის მიერ ნანატრი შედეგი.
ახლა ამას იმიტომ გეუბნებით, ბატონო პრეზიდენტო, რომ ამავდროულად საქართველო ევროპელებს, პირიქით, თითქოს შერიგების სახეს უჩვენებს, ეძებს დიალოგს და მას, სამწუხაროდ, პოულობს კიდეც, იტალიის მთავრობაშიც კი, ასე ვთქვათ, შესაძლო თანამშრომლობის ნიშნით.
აი, ეს ყველაფერი ხდება ასობით ადამიანის თავისუფლების ხარჯზე და ფასად, რომლებიც ციხეში არიან გამოკეტილები, როგორც სწორედ ელენე ხოშტარია, და ამიტომ, რასაც ვამბობ და რასაც გთხოვთ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი მეშვეობით, არის ის, რომ მთავრობამ, დიპლომატიური შეხვედრების გამართვის ნაცვლად, მტკიცედ მოითხოვოს ელენე ხოშტარიას და ყველა იმ ადამიანის გათავისუფლება, ვინც ციხეშია გამოკეტილი თავისი იდეების გამო, რეჟიმის მიერ, რომელსაც საქართველოსთვის ბელარუსული სცენარი აქვს ჩაფიქრებული.
კიდევ ბევრი ხალხია, ვინც ქუჩაში გამოდის, ვინც აპროტესტებს, ვინც პროტესტს გამოთქვამს და როგორც ეს ქალი, თუნდაც ეტლზე, დგას ფეხზე, სწორად, თავისი ხერხემლით. გმადლობ, ბატონო პრეზიდენტო.", - განაცხადა სენსიმ.