უნდა დაიკითხოს სულხან თამაზაშვილი! - მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა

30.10.26 02:23
უნდა დაიკითხოს სულხან თამაზაშვილი! - მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა

თბილისის ცენტრში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა  შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრის დაკითხვას ითხოვს.

იზა ომაძემ სულხან თამაზაშვილის გვარი მის ახალ მიმართვაში ახსენა.

  • 22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წელს მოკლეს თბილისში. ამ დროს სულხან თამაზაშვილი თბილისის პოლიციის უფროსი იყო.

ქვეყანაში სადაც სამართალს თვალის ჩინივით დავეძებთ  ლამის სრულიად ერი , მიჭირს ყოველ ჯერზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა, მაგრამ სხვა გზა არ არის…

დღეს იყო სასამართლო პროცესი, ჩვენ აბსურდის თეატრის მონაწილედ არ გამოვდგებით, წერეთ და იკითხეთ და ალაპარაკეთ  ადვოკატებს რამდენიც გინდათ…  
სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ მათიც მესმის..

არ მესმის შინაგან საქმეთა მინისტრისშინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia რომელმაც მათემატიკური სიზუსტით იცის ყველაფერი, მან უშვალოდ მკვლელი ჭელიძის და კაველაძისგან მოისმინა, მეგონა მას ეყოფოდა გამბედაობა და რაღაცა სახით მაინც  სინათლის  მხარეს დადგებოდა, მაგრამ ალბათ დამკვეთი ძალიან, ძალიან  უძლეველია…

უნდა დაიკითხოს სულხან თამაზაშვილი! - წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.

შეგახსენებთ, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ამტკიცებს, რომ  მკვლელობაში ბრალდებულების აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის დაკავების ღამეს, წყნეთის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ და ბრალდებულების აღიარებითი ჩვენება პირადად მოისმინეს: სულხან თამაზაშვილმა – თბილისის პოლიციის მაშინდელმა უფროსმა; კახა მურადაშვილმა – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ; კახაბერ სირაძემ – თბილისის მკვლელობების მთავარი სამმართველოს უფროსმა და გელა ქურდაძემ – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსმა.

ყოფილი პოლიციელის ადვოკატი  ქვაჭრელიშვილზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ დაკავების ღამეს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებმა, პოლიციელებს დეტალურად უთხრეს, რატომ მოკლეს ნიკო კვარაცხელია, სად იმალებოდნენ, რა იყო მათი ფინანსური სარგებელი და ა.შ.

  • წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში ამტკიცებს, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან ძმები კაკულიების კავშირის შესახებ პოლიციის მაღალჩინოსნებმა იმ მომენტიდან იცოდნენ, როცა შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებლები, ალეკო ჭელიძე და ბესარიონ კავილაძე, დააკავეს.

დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სულხან თამაზაშვილმა დაკავებულების აღიარებითი ჩვენება მოისმინა, ის სატელეფონო კავშირზე იყო ვინმე „ანზორიჩთან“.

საჯარო სივრცეში გაჩნდა ვარაუდი, რომ "ანზორიჩი" ოთარ ფარცხალაძე იყო. 

თავის მხრივ სულხან თამაზაშვილი წყნეთის პოლიციის ყოფილ უფროსს ცრუ მოწმეს უწოდებს. 

თამაზაშვილი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესთან პირად რაიმე სახის კონტაქტს უარყოფს.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიასმკვლელობის დამკვეთად ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია და ძმები - დავით და გურამ კაკულიები დაასახელა. 

  • კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე.

  • ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის 16 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 

კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ასევე მსჯავრდებულები არიან აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

მსგავსი სიახლეები