სამუშია: სარჩელზე ხელმომწერები 2019 წელს შექმნილ "ლელოს" ედავებიან, რატომ არ დამგმე, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ვიყავიო
საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმომწერი ადამიანები პარტია „ლელოს“, რომელიც 2019 წელს შეიქმნა, ედავებიან, რატომ არ დამგმე, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ვიყავიო! - ეს განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ლევან სამუშიამ გააკეთა.
პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრის თქმით, ეს ადამიანები არიან: ანზორ ბოლქვაძე, გოჩა ენუქიძე, გია ვოლსკი.
“შემთხვევით ვინც მე მედავება და რასაც ჩემს პარტიას ედავება, ამაში თვითონ ხომ არ არიან ეჭვმიტანილი და საკუთარი ქმედების მიჩქმალვა და აქეთ გადმოტანა ხომ არ უნდათ?!" - თქვა სამუშიამ.
პარტიას “ლელო-ძლიერი საქართველო“, რომელიც 2019 წლის 22 დეკემბერს შეიქმნა, ედავებიან, რატომ არ გავემიჯნეთ 2003-2012 წლებში მომხდარ ქმედებებს. დაფიქრდით, რომ 2003-2012 წლების ქმედებებზე 2019 წელს შექმნილ პარტიას ედავებიან - რატომ არ დაგმეთ უკანა რიცხვითო!
საკონსტიტუციო სარჩელს ავტორები და ხელმომწერი პარლამენტის წევრები ჰყავს. 2003 – 2012 წლებში ჩემი პოზიცია ყველა ჩაგრული ადამიანის დაცვა, აქციებზე ყოფნა და იმ სამართალდაცვითი სისტემის გაპროტესტება იყო. ანალოგიურად იყვნენ ჩემი პარტიის წევრები. საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმომწერი ადამიანები და ადამიანთა ჯგუფი მედავება, 2019 წელს რომ შეიქმენი რატომ არ დამგმეო, მაშინ როცა “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ვიყავიო!
ეს ადამიანი ანზორ ბოლქვაძე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო - აძლევდა თუ არა ის ხმას იმ კანონებს და კანონპროექტებს?! ანზორ ბოლქვაძე მე რომ მედავება, რომელიც 7 ნოემბერს მიტინგზე ვიყავი და მოვიწამლე, თავად მას პარლამენტში რა პოზიცია ჰქონდა?! ოქსიმორონია, რომ ის დღეს მე მედავება, 2019 წელს რომ შეიქმენი რატომ, რისთვის არ დამგმეო!
საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმომწერია გოჩა ენუქიძე, რომელიც ანალოგიურს მედავება. მესმის სასამართლოს პოზიცია, რომ იყოს ნაკლები პოლიტიკა, მაგრამ ამას სხვაგვარად როგორ უნდა შევხედოთ?!
სარჩელს ხელს აწერს გია ვოლსკი, რომელიც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო - ის “ნაციონალური მოძრაობის“ დროს მინისტრის მოადგილე იყო. ახლა გია ვოლსკი მედავება, რატომ არ დაგმე “ნაციონალური მოძრაობის“ იმდროინდელი ქმედებებიო. სამართლებრივ ლოგიკის რომ თავი დავანებოთ, ეს საერთოდ რაიმე ლოგიკაში ჯდება?!“, - განაცხადა ლევან სამუშიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.