ივანიშვილმა საქართველო აქცია კაზინოების, "ქოლ ცენტრების" კარტელად აქცია - ირაკლი კუპრაძე

02.11.26 14:15
 ივანიშვილმა საქართველო აქცია კაზინოების, "ქოლ ცენტრების" კარტელად აქცია - ირაკლი კუპრაძე

 

 

აზარტული თამაშების ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება ახალი სოციალური კატასტროფის საფრთხეს ქმნის, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კუპრაძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით მიღებული კანონით შეღავათებს საკუთარ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებულ სათამაშო ბიზნესს უწესებს, მაშინ როდესაც ქვეყანაში პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და ათასობით ოჯახი მძიმე ეკონომიკურ პრობლემებს ებრძვიან.

კუპრაძე აცხადებს, რომ „ლელო“ კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას ეწინააღმდეგება და, პირიქით, სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის გაზრდას მოითხოვს.

იმ დროს, როდესაც ანტიქართული "ოცნება" ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში კრძალავს ყველა ოპოზიციურ პარტიას და ეს უბადრუკი მცდელობა მიმართულია დემოკრატიის დაზიანებისა და დასამარებისკენ ამ ქვეყანაში, ამ დროს ივანიშვილი და მისი არაქართული "ოცნება" საქართველოს ე.წ პარლამენტში, რომელსაც არ გააჩნია საკმარისი წარმომადგენლობა ქართველი ხალხისა, იღებს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, რეალურად აყენებს ახალ სოციალურ კატასტროფას საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს არის უმძიმესი დარტყმა იმიტომ, რომ მარტივი მოცემულობით უნდა შევხედოთ, საერთოდ რას ნიშნავს აზარტული თამაშები და სათამაშო ბიზნესი საქართველოში საქართველოს მოქალაქეებისთვის. ივანიშვილი და არაქართული "ოცნება" აპარებენ კანონპროექტს დაჩქარებული წესით და თქვენს ბიუჯეტში შესატან თანხებს ჩუქნის აზარტული თამაშების სხვადასხვა კომპანიას, სათამაშო ბიზნესს, რომელთა მფლობელები ისევ არაქართულ "ოცნებასთან" დაკავშირებული პოლიტიკური პირები არიან, შემომწირველები მათი პარტიის.

რომ გადავხედოთ რამდენიმე მთავარ სტატისტიკურ მაჩვენებელს, სწორედ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში სათამაშო ბიზნესის, ანუ აზარტული თამაშების, კაზინოების და ამ სფეროს ბრუნვამ 88,3 მილიარდი ლარი შეადგინა, 2026 წლის მხოლოდ ორ კვარტალში კი - 47,3 მილიარდი ლარი. ეს არის საერთო ბიზნესის ბრუნვის 35% მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა საქართველო აქცია კაზინოების, "ქოლ ცენტრების", რუსეთის ეკონომიკაზე დაქვემდებარებულ წარმოუდგენელ, ამორფულ არა ეკონომიკად, არამედ რაღაც კარტელად, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ის ხეირობს და მდიდრდება, ვინც არაქართულ "ოცნებასთან" არის დაკავშირებული - პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები, პერსონალურად ივანიშვილი და მასთან დაახლოებული კაზინოების მფლობელები. ეს ხდება მაშინ, როცა ამ ქვეყანაში ყოველი მესამე და მეოთხე ბავშვი შიმშილობს ამ ქვეყანაში, ეს ხდება მაშინ, როდესაც პენსიონერებს 20 ლარით უზრდიან პენსიას, ეს ხდება მაშინ, როდესაც ვერ დაასრულეს სკოლების და ბაღების მშენებლობა, ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს დღემდე არ მიეწოდება ცენტრალიზებულად სასმელი წყალი. სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი საქართველოს სავარგულების სრული უმრავლესობა, უამრავ სოფელში არ არსებობს გზები, არ არსებობს ელექტროენერგიაც კი საქართველოს ათეულობით და ასეულობით სოფელში. მიტოვებულია ქართველი კაცი და ქალი ივანიშვილის და არაქართული "ოცნების" მხრიდან, თუმცა, ამ დროს ახერხებენ და იცლიან იმისთვის, რომ დაჩქარებული წესით კაზინოებს გაუწიონ შეღავათი. შეღავათების დაწესება კაზინოებისთვის, სათამაშო ბიზნესისთვის, რომელიც ისევ მათ ეკუთვნით, ისევ მათივე ჯიბის ბიზნესმენებს ეკუთვნით, არის დანაშაული და ახალი სოციალური კატასტროფის დაანონსება. უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ სათამაშო ბიზნესმა ამ ქვეყანაში გააუბედურა 100 ათასობით ადამიანი, რომელმაც დაკარგა დანაზოგი, ხელფასი, საცხოვრებელი, ზოგიერთმა, სამწუხაროდ, სიცოცხლეც კი. ეს არ არის სახუმარო საკითხი და ასეთ დროს, როცა ასეთ დანაშაულებრივ და მათ შორის საზოგადოებრივად ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებ, ივანიშვილს და მისი ჩინოვნიკების ბანდას უნდა ახსოვდეთ, რომ ეს უნდა იყოს ფართო განხილვის საგანი და საზოგადოებისგან მიიღებენ იმ პასუხს, რომელიც ეკუთვნით მათ! ეს არის ძარცვა, ეს არის გაუბედურება საქართველოს მომავალი თაობის! ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ერთ მხარეს ნარკოტიკებმა და ნარკოკარტელებმა შეჭამეს საქართველოში ახალი თაობა და მეორე მხარეს სათამაშო ბიზნესმა. "ძლიერი საქართველო - ლელოს" ცალსახა პოზიციაა, რომ სათამაშო ბიზნესი, კაზინოები და მათი მფლობელები უნდა დაიბეგრონ არა არსებული 20%-ით, არამედ უნდა დაიბეგრონ ბევრად მეტით. ეს მაჩვენებლები ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში არის ასეთი: ავსტრიაში 45%, ნიდერლანდებში 37.8%, საბერძნეთში 35%,დანიაში 28%, მაგრამ ივანიშვილის საქართველოში ეს არის 20%. ყველანაირ შეღავათს იღებენ ყოველდღიურად ახალი კანონპროექტებით მაშინ, როცა იძარცვება საქართველოს ბიუჯეტი, არ ზრდიან პენსიას, არ აშენებენ სკოლებს, არ აშენებენ ბაღებს... მაშინ, როცა ჯანდაცვა არის გაუმართავი, მაშინ, როცა ნარკოკარტელებმა და კაზინოებმა გააუბედურეს ეს ქვეყანა, ივანიშვილს ადარდებს მხოლოდ და მხოლოდ გამდიდრება თავისი ჩინოვნიკების.

მიუხედავად იმისა, თუ რა პროცესს აწარმოებს ივანიშვილი, აკრძალვის, გაუქმების თუ ამოძირკვის, ჩვენ გავაგრძელებთ ივანიშვილის ძალადობრივი ხელისუფლების მხილებას! გავაგრძელებთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას! საქართველო არ არის არაქართული "ოცნების" სალარო, საქართველო არის საქართველოს მოქალაქეების და ამ ინტერესებს დაიცავს სწორედ "ძლიერი საქართველო - ლელო!", - განაცხადა კუპრაძემ.

მსგავსი სიახლეები