კობახიძის თქმით, თანმიმდევრულ, პრაგმატულ და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკას აწარმოებენ

02.11.26 14:27
კობახიძის თქმით, თანმიმდევრულ, პრაგმატულ და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკას აწარმოებენ

საუკუნეების განმავლობაში, ურთულეს გარემოში, საქართველოსთვის დიპლომატია გადარჩენისა და წინსვლის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იყო და ასეა დღესაც, - ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს იცავს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით, რომელთა შორის ძლიერი დიპლომატიური სამსახური საკვანძო როლს ასრულებს.

„გილოცავთ დიპლომატის დღეს! საქართველოს ისტორია დიპლომატიის ძალიან მდიდარ ტრადიციას ინახავს. საუკუნეების განმავლობაში, ურთულეს გარემოში, საქართველოსთვის დიპლომატია გადარჩენისა და წინსვლის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იყო და ასეა დღესაც.  სიმბოლურია, რომ დიპლომატის დღე  დიდი საზოგადო მოღვაწისა და გამორჩეული დიპლომატის - სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.

სწორედ სულხან-საბას სახელს ატარებს მთავარი ჯილდო, რომელიც გადაეცემათ დიპლომატებს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის, აკაკი ჩხენკელის სახელობის ჯილდოთი კი აღიარებულია დიპლომატის წვლილი სამსახურის გამართულ საქმიანობაში. წინასწარ ვულოცავ დღევანდელ ლაურეატებს დამსახურებულ აღიარებას.

ორი რეგიონის ოკუპაციისა და უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების პირობებში, თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს იცავს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით, რომელთა შორის ძლიერი დიპლომატიური სამსახური საკვანძო როლს ასრულებს“, -  განაცხადა კობახიძემ. 

მისი თქმით, "ძლიერი დიპლომატიური სამსახური ძლიერი სახელმწიფოს საიმედო საყრდენია".

როგორც "ქართული ოცნების" ლიდერმა აღნიშნა, საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევა შეუძლებელია თითოეული დიპლომატის დაუღალავი შრომის გარეშე.

„გამოცდილებაზე დაფუძნებული, ახალი თაობით გაძლიერებული და მომავალზე ორიენტირებული ქართული დიპლომატია წარმატებით განაგრძობს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვას. ღირსეული საქმიანობისთვის, პატრიოტიზმისა და პროფესიონალიზმისთვის განსაკუთრებულ მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ საქმეს ემსახურებით. მადლობა საგარეო საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, ელჩებს, ატაშეებს, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩვენი წარმომადგენლობების თანამშრომლებს. თითოეულ თქვენგანს გეკუთვნით განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დიპლომატის დღეს და გისურვებთ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის სამსახურში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები