ჩეხი სენატორები პაპუაშვილს არ შეხვდებიან - "პირველების" ინტერვიუ პაველ ფიშერთან
შალვა პაპუაშვილს ჩეხეთში ვიზიტის დროს სენატორები არ შეხვდებიან. “პირველებს“ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე უდასტურებს,რომ პაპუაშვილთან შეხვედრაზე ჩეხმა სენატორებმა უარი განაცხადეს.
პაველ ფიშერის თქმით, „ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, სავარაუდოდ, მხოლოდ ქვედა პალატაში მიიღებენ.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩეხეთში ვიზიტს გეგმავს. სავარაუდოდ, ეს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერის მოწვევით ხდება. მე არ ვაპირებ მასთან შეხვედრას და არც სენატის აპარატიდან თუ სენატში არჩეული პოლიტიკოსებიდან შეხვდება მას ვინმე. ასე რომ, მას, სავარაუდოდ, მხოლოდ ქვედა პალატაში მიიღებენ.
პარლამენტის სენატმა გასულ წელს მიიღო რეზოლუცია საქართველოში მიმდინარე პროტესტზე, უსამართლო არჩევნების შემდგომ კონსტიტუციურ და პოლიტიკურ კრიზისზე, მზარდ რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. თუ ამ რეზოლუციის ტექსტს გადახედავთ, ნახავთ, რომ მასში არის დათქმა: ჩვენ ველოდებით, რომ საქართველო პოლიტიკურ დღის წესრიგს გამართავს. ვინაიდან ამას ახლა ვერ ვხედავთ, არ არსებობს იმ ადამიანებთან შეხვედრის მიზეზი, რომლებიც მთელი ქვეყნითა და მისი მოქალაქეების ნებით მანიპულირებენ. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, თუმცა საქართველოს წარმომადგენლების გასაკეთებელია საკუთარ ქვეყანაში წესრიგის დამყარება. ჩვენ ამას გარედან ვერ გავაკეთებთ. ეს თავად ქართველების მისია, - ამბობს ფიშერი.
მისივე თქმით, მას მოსმენილი აქვს, როგორ ესხმის თავს პაპუაშვილი მუდმივად ევროპელ პარტნიორებს. თუმცა, ფიშერი ფიქრობს, რომ ახლა მისი მიზანია, საკუთარ ამომრჩეველში შექმნას ილუზია, რომ მათ ევროპაში ხვდებიან და ხელს ართმევენ.
საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც ქართველ ხალხს თანამშრომლობის, ნდობისა და უსაფრთხოების ევროპული სივრცისგან იზოლაციაში ამყოფებენ , ახლა საოცარი მონდომებით ეძებენ გზებს, რათა ევროპულ დედაქალაქებში კვლავ პარტნიორებად მიიღონ. საიდუმლო არ არის, რომ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტში, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკაშიც, იპოვით ადამიანებს, რომლებიც ან ექსტრემისტები არიან, ან რუსეთის მიერ ფინანსდებიან. სწორედ ეს პარტნიორები შეიძლება იყვნენ ღია საქართველოს იმ ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრის იდეისთვის, რომლებიც სათავეში გაყალბებული არჩევნების შემდეგ არიან. საკითხავია, რამდენად წარმოადგენენ ისინი ქართველი ხალხის ნებას. ასე რომ, მიმაჩნია, ეს არის ბრძოლა წითელ ხალიჩებზე აღიარებისთვის, თუმცა ჩემთვის ნამდვილი ბრძოლა თბილისში მიმდინარეობს. სადავო არჩევნებიდან მოყოლებული, მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობითა თუ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით დამთავრებული — ეს გადაწყვეტილებები საქართველოში ცალკეული ინციდენტები არ არის; ეს არის სრულმასშტაბიანი შეტევა ქართულ საზოგადოებასა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე,- ამბობს ის.
ჩეხი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ევროპელები ვერ მიიღებენ, ქართველი ხალხის ნაცვლად გადაწყვეტილებას. მათ შეუძლიათ მხოლოდ მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს, ვიცნ ამ დრომდე არ ეგუება “ოცნების“ ანრიდასავლურ პოზიციას.
ჩვენ გარედან ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას საქართველოს ნაცვლად. ეს ქართველი ქალებისა და მამაკაცების ნებაზეა დამოკიდებული, ხოლო ჩვენ, ევროპაში, ყურადღებით ვუსმენთ მათ, ვინც კვლავ ქუჩაში აპროტესტებს და არ ეგუება „ქართული ოცნების“ მიერ თავსმოხვეულ არჩევანსა და პოლიტიკურ დღის წესრიგს. ჩვენ აქ რჩევების მისაცემად არ ვართ, არამედ იმისთვის, რომ განგაში ავტეხოთ და ხმა ავიმაღლოთ იმაზე, რომ საქართველოში პრობლემაა, - ამბობს ფიშერი.