ეს პროცესი არის ადამიანის გაშავების, სახელისა და ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის ჩვეულებრივი რუსული მეთოდი - ბარამიძე

03.11.26 22:09
ეს პროცესი არის ადამიანის გაშავების, სახელისა და ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის ჩვეულებრივი რუსული მეთოდი - ბარამიძე

გიორგი ბარამიძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. პროცესზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა თავად ბარამიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პროცესი ერთ მიზანს ემსახურება, ეს არის ჩვეულებრივი რუსული მეთოდი ადამიანის გაშავებისა, ადამიანის სახელის და ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრისა.

გიორგი ბარამიძის თქმით, რასაც აბრალებენ ტყუილია და არ უთქვამს.

„მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყნის სამსახურში გავატარე, თუკი რამე მომხდარა ქვეყანაში, ყველგან წინა ხაზზე ვიყავი, მშვიდობიანი ფრონტი იყო თუ შეიარაღებული. ჩემზე ვერავინ იტყვის, რომ რამეს გამოვაკლდი ამ ქვეყნისთვის ბრძოლაში. მე შეიძლება ვინმემ დამაბრალოს, რომ ამ ქვეყნისთვის ცუდი მინდა? უბრალოდ მკრეხელობაა.

მაბრალებენ იმას, რაც არის ტყუილი, მე თვითონ ვამბობ, რომ ტყუილია. გინდა თუ არა, შენ ეს თქვიო, მე ვამბობ, რომ არ მითქვამს და განვმარტე, ისიც ვაღიარე, რომელი სიტყვაც ყურს ჭრის, შეიძლება ვიღაცამ გამოიყენოს, არის არასწორი და წერილობით, სიტყვიერადაც, მიმართვებში, ტელევიზიით, ფეისბუქზე, განვმარტე. თუ ვინმეს გული ვატკინე, ბოდიშიც მოვიხადე“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ცნობისთვის, გია ბარამიძე საკუთარ სახლში  11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.  პროკურატურამ ენმ-ს ლიდერს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს. 

ბარამიძის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.