„პირველებმა“ ევროკომისიის ანგარიშის დრაფტი მოიპოვა - დოკუმენტში საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ევროინტეგრაციის შეჩერებაზეა საუბარი

04.11.26 14:01
„პირველებმა“ ევროკომისიის ანგარიშის დრაფტი მოიპოვა - დოკუმენტში საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ევროინტეგრაციის შეჩერებაზეა საუბარი

საქართველოში დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლა, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება - ასეთია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში აღწერილი ვითარება.

"ტვ პირველის“ ინფორმაციით, რომელმაც დოკუმენტი ოფიციალურ გამოქვეყნებამდე მოიპოვა, ევროკომისია მიუთითებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს, ხელისუფლება კი ვერ ასრულებს იმ ცხრა რეკომენდაციას, რომელთა განხორციელებაც ქვეყნის ევროპულ გზაზე წინსვლის აუცილებელი პირობაა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებაზე, ხელისუფლების ძალაუფლების კონცენტრაციასა და სამართლის უზენაესობის პრობლემებზე. ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს კიდევ უფრო აშორებს.

ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშის ოფიციალური გამოქვეყნება დღეს, 4 ნოემბერსაა დაგეგმილი. დოკუმენტის პრეზენტაციის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მის ძირითად მიგნებებს წარადგენს.

ოპოზიციის შეფასებით, ევროკომისიის ანგარიში „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული პოლიტიკის შედეგებს ასახავს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ქვეყანა ევროპულ პერსპექტივას სულ უფრო შორდება, ყოველი დაკარგული წელი კი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის აღდგენას ართულებს.

სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ნაცვლად რაიმეს გამოსწორებისა, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო წავიდეს მეტი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ, ამ რეჟიმის პირობებში, პირიქით, ყოველ კვირეულად ჩვენი ქვეყანა მიდის უარესობისკენ და მიდის უფრო მეტი დიქტატურისკენ და ჭაობისკენ, საიდანაც გამოსვლა სულ უფრო რთული ხდება ამ რეჟიმის და ამ კურსის პირობებში. შესაბამისად, ნებისმიერი ნორმალური ქართველის ამოცანა დღეს უნდა იყოს ამ რეჟიმის მშვიდობიანი და დემოკრატიული დემონტაჟი ახალი, პროქართული ხელისუფლების შექმნა და სწრაფი ტემპით, დაჩქარებულად წასვლა მეტი მშვიდობისკენ, კეთილდღეობისკენ და უსაფრთხოებისკენ, რასაც ჰქვია ევროპული კავშირი, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი გრიგოლ გეგელია. 

"ჯერ საქართველოს" ლიდერი, ვიქტორ ყიფიანი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, კურსის შეცვლას არ აპირებს. მისი თქმით, ქვეყნის მომავალზე მთავარი პასუხისმგებლობა საქართველოს საზოგადოებას ეკისრება. 

მმართველ ძალას არანაირი მიმღებლობა არ აქვს თუნდაც ჯანსაღი კრიტიკის მიმართ და მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ საკმაოდ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ მიუხედავად ამა თუ იმ შეფასებისა, განაგრძონ ის კურსი, რომელსაც ადგანან, ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა ეგზოტიკური შეფასება, მაგრამ ევროკავშირს ზემოქმედების კუთხით აქვს თავისი ლიმიტები, რომელსაც გასცდება. ამიტომაც, როგორიც არ უნდა იყოს საერთაშორისო ფაქტორები, მთავარი ტვირთი საკუთარ ქვეყანაზე პასუხისმგებლობისა, ისევ ჩვენს მხრებზე უნდა ვზიდოთ, - ამბობს "ჯერ საქართველოს" ლიდერი ვიქტორ ყიფიანი.  

"თავისუფლების მოედნის" წევრის, ირაკლი ქობალიას შეფასებით, ევროკომისიის წინა ანგარიშის შემდეგ ქვეყანაში დემოკრატიული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, რაც საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნებას ართულებს. 

სასტარტო პოზიციები ისედაც რთული ჰქონდა "ქართულ ოცნებას" იმ მომენტში, როდესაც წინა ანგარიში მომზადდა. მას შემდეგ მხოლოდ უკუსვლა აქვს "ქართულ ოცნებას" დემოკრატიის მიმართულებით, საერთოდ უქმდება პოლიტიკური პარტიები და არჩევნები ხდება ფორმალობა. ამას კიდევ ერთხელ, უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს ეს ანგარიშიც. ყოველი გასული წელი, რა თქმა უნდა, უკან გვხევს, იმიტომ, რომ უფრო მეტი იქნება აღმოსაფხვრელი, უფრო მეტი გადაცდომა იქნება გამოსასწორებელი და გაშვებული შესაძლებლობა აღსადგენი როგორც ეკონომიკის, ისე მმართველობის კუთხით, - ამბობს "თავისუფლების მოედნის" წევრი ირაკლი ქობალია. 

ხელისუფლება კი ევროკომისიის შეფასებების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგის არარსებობის პირობებში ევროკომისია საქართველოში მიმდინარე პროცესებს სრულფასოვნად ვერ აფასებს. 

ზოგადად, პროცესი როგორც წარიმართა საქართველოს და ევროკავშირის დიალოგის, ის თავისთავად არ იძლევა შესაძლებლობას, რომ გაკეთდეს ობიექტური შეფასებები. დიალოგის გარეშე, რა თქმა უნდა, რთული იქნება შეფასებებიც. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირს მივაწოდეტ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებოდათ ანგარიშის მოსამზადებლად, თუმცა უცნობია, თუ როგორ იქნება ეს ინფორმაცია ასახული და გამოყენებული თავად ანგარიშში ან ანგარიშის დასკვნებში. და, იმ პირობებში, როდესაც არცერთ დონეზე არ არის დიალოგი ევროკავშირის მხრიდან, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ ევროკავშირმა და ევროკომისიამ გააკეთოს წორი ანალიზი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.