ირაკლი კობახიძე ბრიუსელს დემარშს უანონსებს
აპირებს თუ არა ქართული მხარე უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებზე დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას, სადაც, ევროსკოპის ინფორმაციით, სხვა ქვეყნებთან შედარებით ისევ დაბალ დონეზეა მიწვეული.
ირაკლი კობახიძე ბრიუსელს დემარშს უანონსებს და ამბობს, რომ “თუ მაღალი დონის ფორმით არ იქნებიან მიწვეულები, რა თქმა უნდა არ მივლენ“.
თუ მაღალი დონის ფორმით არ იქნება მიწვეული საქართველო რაიმე ღონისძებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ არ მივალთ, ეს ლოგიკური და ღირსეული პასუხი იქნება ნებისმიერ განსხვავებულ მიდგომაზე, - განაცხადა კობახიძემ.
ევროსკოპის ინფორმაციით, 16 ნოემბერს ბრიუსელში უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებზე მეორე მინისტერიალი გაიმართება, სადაც საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით ისევ დაბალ დონეზე არის მიწვეული.
შეხვედრის მთავარი თემები იქნება შავი ზღვის უსაფრთხოება, საზღვაო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლა, ასევე ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერება.
მინისტერიალის დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია შუა დერეფანს, რომელიც ევროპას სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის გავლით ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს.
საქართველო პირველ შეხვედრას არ დასწრებია, რომელიც ლუქსემბურგში გაიმართა. ქართული მხარე მინისტრების დონეზე მიწვეული არც მაშინ ყოფილა.