ხმაური პარლამენტში - „ოცნება“ გახარიას გუნდის წევრს სხდომიდან გაძევებით დაემუქრა

06.11.26 18:36
ხმაური პარლამენტში - „ოცნება“ გახარიას გუნდის წევრს სხდომიდან გაძევებით დაემუქრა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას, დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გახარიას გუნდის წევრებმა დასვეს კითხვა, რატომ იზღუდება შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. 

რა ბერკეტი არსებობს მხარისთვის, რომ გაასაჩივროს, კონკრეტულ შემთხვევაში, ის სისტემური დარღვევები, რომელიც შეიძლება იყოს არჩევნების შემდეგ. აი, ბატონი არჩილი საუბრობდა აქსიომაზე, იურიდიული აქსიომა არისო, პირველი კურსის სტუდენტმა იცისო, ამ შემთხვევაში, თავისი ინტერპრეტაცია გაუკეთა ჩემს კითხვებს. ბატონო არჩილ, ეს იურიდიული აქსიომა თუ არის და დღეს ეს ცვლილება შემოგაქვთ, ერთი წლის წინ თქვენ დაამუშავეთ ეს კოდექსი, ტქვენ იყავით ავტორები, არ გისწავლიათ პირველ კურსზე თუ რატომ გამოგრჩათ ეს იურიდიული ქსიომა, მაშნ რატომ დატოვეთ და დღეს რატომ ცვლით ამას?, - თქვა გახარიას გუნდის წევრმა გიგა ფარულავამ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 

პასუხად კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ოპოზიციონერ დეპუტატს სხდომათა დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.  

არაფერი არ გამოგვრჩა, ბატონო გიგა, ზოგ-ზოგიერთს პარლამენტში შემოსვლა გამორჩა, ერთი წელი გამორჩა, ახლა, თუ ვინმეს რა გამორჩა, ამაზე თუ ვილაპარაკებთ, თქვენ გამოგრჩათ. გავიგეთ, თქვენ ყველაფრის წინააღმდეგი ხართ ამ ქვეყანაში რაც შეიძლება, მოხდეს, გარდა იმისა, რომ ენმ მხარს რომ დაგიჭერთ თქვენ პირადად, გახდეთ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე... თითი ჩაწიეთ და ნერვები დაიმშვიდეთ... ბატონო გიგა, ან ნერვებს დაიმშვიდებთ, ან მანდატურს ვთხოვ, რომ გაგაძევოთ დარბაზიდან... ყვირილს დაანებეთ თავი, თორემ გაგადებთ, მართლა გეუბნებით, - უთხრა გორდულაძემ გახარიას გუნდის წევრს.

„ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსში მორიგ ცვლილებებს გეგმავს - 28 ოქტომბერს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, არჩევნების შედეგებს საოლქო კომისიების ნაცვლად, საუბნო კომისიების მონაცემებზე დაყრდნობით, პირდაპირ ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს. ამასთან, ყველა ტიპის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების ვადა 15 დღით განისაზღვრება.

მნიშვნელოვნად იზღუდება შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობაც. კანონპროექტის მიხედვით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება მხოლოდ მონაცემების არასწორად ან არასრულად ასახვის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

 

მსგავსი სიახლეები