თურნავამ უპასუხა კითხვას იგეგმება თუ არა ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება
"ამ ეტაპზე და მომავალ წლებშიც საქართველოს ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებას და შემოღებას" - განცხადება ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
მისივე თქმით, "განსაკუთრებით არ იგეგმება ე.წ. საცალო ციფრული ლარის ანუ მოსახლეობის ხელთ არსებული ციფრული ლარის ფართო შემოღება".
ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ტექნოლოგიურად არ ჩამოვრჩეთ წამყვან ქვეყნებს.
ჩვენც, კანონმდებლის მხარდაჭერით, უბრალოდ, მოვიპოვეთ უფლება, რომ ვიწრო სფეროებში გავაკეთოთ ე.წ. პილოტირება ანუ ტესტირება სხვადასხვა ტექნოლოგიის, იმისთვის, რომ უკეთ შევისწავლოთ თუ რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ციფრულმა ლარმა, ასევე, რა გამოწვევები ახლავს და როგორ ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს.ანუ მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პილოტირების მიზნებისთვის არის ახლა ამ ეტაპზე ეს გაკეთებული და სწორედ ასე იწყებენ სხვა ქვეყნებიც, ზოგი უფრო შორს არის წასული, ზოგი ახლა იწყებს.
აქვე, ვუპასუხებ გავრცელებულ კითხვებს, რა გეგმაა და ჩაანაცვლებს თუ არა ეს ნაღდ ფულს. არავითარ შემთხვევაში ციფრული ანალოგია არ ჩაანაცვლებს და ვერ ჩაანაცვლებს ნაღდ ლარს და ეს გარანტირებულია იგივე ორგანული კანონით, სადაც ბანკნოტი ანუ ნაღდი ფულის მატერიალური გამოხატულება არის უზრუნველყოფილი. ისევ და ისევ ტექნოლოგიების შესწავლის მიზნით ხდება ეს" - ამბობს სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე