პარტიების აკრძალვის საქმე:მოსამართლემ კითხვა ალეკო ელისაშვილის საკითხზე დასვა - როგორია "ოცნების" არგუმენტი

11.11.26 14:20
პარტიების აკრძალვის საქმე:მოსამართლემ კითხვა  ალეკო ელისაშვილის საკითხზე დასვა - როგორია "ოცნების" არგუმენტი

პარტიების აკრძალვის საქმე - მოსამართლე ევა გოცირიძე დაინტერესდა,  პატიმრობაში მყოფი ალეკო ელისაშვილის საკითხი რამდენად უნდა შეერაცხოს პარტია ძლიერ საქართველო ლელოს.

შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ რომ  "პარტია ლელოს მიერ ალექსანდრე ელისაშვილისგან გამიჯვნა არ ყოფილა გულწრფელი და რეალური".

"ოცნების" ლიდერის თქმით, პარტია ახლა უარყოფს მასთან კავშირს, თუმცა ელისაშვილი ლელოს საარჩევნო სიაში მე-20 ნომრად იყო წარდგენილი. 

მისივე თქმით, 2025 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, ლელოსა და გიორგი გახარიას პარტიის კოალიციის ფარგლებში, ელისაშვილი ვიცემერობის ერთ-ერთ კანდიდატად იყო წარდგენილი.

"წინა კვირას მოპასუხე მხარემ, ანუ ლელომ საერთოდ უარყო, რომ ალექსანდრე ელისაშვილი მათი წევრი იყო, მაშინ როცა 2024 წლის არჩევნებზე პარტიულ სიაში იყო მე-20 ნომრად. როდესაც გამოდის ახლა წარმომადგენელი და ამბობს, რომ ელისაშვილის საერთოდ კავშირი არა აქვს [ჩვენთანო] მაშინ, როდესაც ფაქტი არის საპირისპირო. მე-20 ნომრად იყო, მტკიცება, რომ მერე გავემიჯნეთ თუ არ გავემიჯნეთ და ამ საკითხზე როდესაც ისაუბრეს რა გამიჯვნის გულწრფელობაზე შეიძლება იყოს საუბარი?

ბოდიშს ვიხდი თქვენს წინაშე, მაგრამ სხვა შეფასება არ შეიძლება, რომ გაკეთებული იყოს, უბრალოდ ტყუილს ამბობენ, რომ ჩვენთან არა აქვთ კავშირი. მაშინ როდესაც თავისივე წარდგენილ სიაში მე-20 ნომერი იყო", - განაცხადა გორდულაძემ.

შეგახსენებთ, რომ 29 ოქტომბრის სხდომაზე ძლიერი საქართველო — ლელოს წევრმა, თორნიკე ართქმელაძემ განაცხადა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს მათი პარტია ალეკო ელისაშვილის ქმედებას არ გაემიჯნა. ამის დასტურად მან სხდომაზე პარტიის განცხადება წაიკითხა, რომელშიც ნათქვამია, რომ ელისაშვილის ქმედება პარტიისთვის მიუღებელი და გაუმართლებელია.

მსგავსი სიახლეები