მოსამართლემ ნიკა გვარამია დარბაზიდან გააძევა
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ნიკა გვარამია დარბაზიდან გააძევა - გადაწყვეტილება რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა.
"დაგატოვებინებთ ახლა დარბაზს, დაგატოვებინებთ. არ გაძლევს სიტყვას და ლაპარაკობ. არ არის ნორმალური? არა, ნორმალური არის თქვენი საქციელი ახლა...
საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის თანახმად გაძევებული ბრძანდებით, ბატონო ნიკა. გაძევებული ბრძანდებით და რას ნიშნავს გაძევება 32-ე მუხლში წაიკითხეთ,“ - განაცხადა მოსამართლე ნადარაიამ.
რა მოხდა გვარამიას გაძევებემდე?
საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა კითხვების ეტაპზე მიმდინარეობს, კამათი და სიტყვიერი დაპირისპირებაა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა მოსარჩელე მხარის, არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ მხოლოდ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე მოვლენების დროს, დაახლოებით, სამართალდამცველი ორგანოს 170 წარმომადგენელი დაზიანდა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სასამართლოსგან მოითხოვდნენ, მოსარჩელეს დაეზუსტებინა 170 პოლიციელის დაშავების საკითხი სარჩელში მტკიცებულების სახით, სად ჰქონდათ მითითებული.
„როდესაც რაღაც ითქმება, იქნებ მტკიცებულებით მიუთითოს, რომ ვნახოთ, სად არის ეს ყველაფერი. ანუ 170 კაცი დაზიანდა - ეს თხზულებაა თუ მტკიცებულება არ არის. ხომ გამოვტოვეთ, ბატონო თავმჯდომარე, მტკიცებულებების გამოკვლევა და აქ მაინც გვითხრან, რომ ჩავინიშნოთ მტკიცებულება,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„არაფერი გამოუტოვებია სასამართლოს, ნუ უტრირებთ“, - მიმართა გვარამიას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ. თავის მხრივ, არჩილ გორდულაძემ საკუთარ სამუშაო ლეპტოპში „დაშავებული პოლიციელების ამსახველი ფოტოები“ გახსნა და სასამართლოს უჩვენა, რასაც კიდევ ერთხელ მოჰყვა ნიკა გვარამიას მწვავე პროტესტი და გორდულაძესთან სიტყვიერი დაპირისპირება.
ასევე, კამათის პროცესში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ბუჩუკურმა სასამართლოს მოუწოდა, არჩილ გორდულაძისთვის უზრდელობისთვის „შენიშვნა“ მიეცა.