ქვეყანაში ცვლილებების საჭიროებაზე მეუფე ნიკოლოზმა ისაუბრა
მეუფე იობის შემდეგ ქვეყანაში ცვლილებების საჭიროებაზე კუმურდოსა და კარის ეპისკოპოსი მეუფე ნიკოლოზის საუბრობს, თუმცა შიშობს, რომ ცვლილებებმა შესაძლოა ვითარება კიდევ უფრო გააუარესოს. სასულიერო პირი, არსებული მდგომარეობის შეფასებისას, სიმშვიდისა და საღი აზრის შენარჩუნების აუცილებლობაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ სასულიერო პირები პოლიტიკოსების როლში არ უნდა გამოდიოდნენ.
თუ გადავხედავთ საქართველოს ისტორიას, ამაზე უკეთეს მდგომარეობაშიც ყოფილა ჩვენი ქვეყანა და ამაზე უარეს მდგომარეობაშიც. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, რაღაც განსაკუთრებული და ახალი თითქოს არაფერია, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ შეფასებისას, მაინც ჯობია სიმშვიდის შენარჩუნება და მაქსიმალურად საღი აზრით განსჯა.
ვხედავ თუ არა ცვლილებების საჭიროებას? რა თქმა უნდა, კარგი იქნება, ოღონდ მარტო დღეს არა, დიდი ხანია ამ ცვლილებების ცოტათი მეშინია, რომ ეს ცვლილებები უარესი არ იყოს. ანუ თუ ცვლილებებია, პოზიტიური ცვლილებები უნდა იყოს და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ეს მნიშვნელოვანია.
ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, არ უნდა ვიყოთ პოლიტიკოსები, იმიტომ, რომ პოლიტიკოსობა პროფესიაა და სპეციალური განათლებაა ამისთვის საჭირო. მე ეს განათლება არასდროს მიმიღია და აი, რაშიც მაქვს განათლება მიღებული, იმ სფეროში, ეს არის ღვთისმეტყველება, იმ სფეროში მე ვცდილობ მაქსიმალურად გამოვავლინო და გავუზიარო ჩვენს თანამემამულეებს, ეკლესიის წევრებს ეს ჩემი გამოცდილება, - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.