ადვოკატი ციხეში პაატა მანჯგალაძეზე სავარაუდო ტერორის მცდელობის დეტალებზე საუბრობს
პაატა მანჯგალაძეზე ციხეში სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე ადვოკატი საუბრობს. ბექა ბასილაიას განცხადებით, ყოფილ დეპუტატს სხვა პატიმრებთან კონფლიქტური სიტუაციები არაერთხელ შეუქმნეს, რასაც თავად მანჯგალაძე მიზანმიმართულ ზეწოლად მიიჩნევს.
ადვოკატის თქმით, იუსტიციის მინისტრს უკვე მიმართა და მსჯავრდებულის გლდანის მე-8 დაწესებულებიდან მე-12 დაწესებულებაში გადაყვანა მოითხოვა.
ჩვენთვის უშუალოდ პაატა მანჯგალაძისგან გახდა ცნობილი, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში მასთან საკანში შეასახლეს პირები პენიტენციური კოდექსის დარღვევით და ჰქონდა იქ გარკვეულ უსიამოვნებებს ადგილი. ამავდროულად, პაატა მანჯგალაძემ გვაცნობა, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ის გადაადგილდებოდა ადვოკატთან შესახვედრად, დაახვედრეს ადამიანი, პატიმარი, რომელთანაც ასევე მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება. და, მას მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება და რომ ეს გამოყენებულია მის წინააღმდეგ ზეწოლის ფორმებად. ზეწოლის მიზანი რა შეიძლება იყოს, ჩვენ ამასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს მივმართეთ და მოვითხოვეთ პაატას გადაყვანა გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გლდანის მე-12 დაწესებულებაში.
ეს შემთხვევა საგანგაშოა იმ თვალსაზრისით, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, ყოველგვარი დასაბუთების, ყოველგვარი კანონიერების, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე აქვს მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მისჯილი, - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.
ფსიქოლოგიური ზეწოლის სავარაუდო მცდელობა გლდანის ციხეში - პაატა მანჯგალაძის ოჯახი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ყოფილი დეპუტატის უსაფრთხოების უზრუნველყოფას სთხოვს.
მიზეზი საპატიმროში მომხდარი ინციდენტია. მანჯგალაძის შვილის, ნინი მანჯგალაძის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ პოლიტიკოსს საკანში გადაყვანისას უსაფრთხოების სათანადო პირობები არ შეუქმნეს. კერძოდ, დერეფანში პატიმართა გადაადგილება არ შეზღუდეს, რის შედეგადაც მანჯგალაძეს ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პატიმარი შეხვდა. ოჯახის ინფორმაციით, აღნიშნული პირი ყოფილ დეპუტატს საკნის ადგილმდებარეობით დაინტერესდა და მასთან „დალაპარაკება“ მოითხოვა.