2027 წელს პარლამენტის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით იზრდება და 98 მილიონს გადააჭარბებს

11.11.26 17:23
2027 წელს პარლამენტის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით იზრდება და 98 მილიონს გადააჭარბებს

2027 წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით გაიზრდება და 98 მილიონ 445 ათას ლარს მიაღწევს. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე წლის ბიუჯეტს 10 მილიონი ლარით ამცირებს, რასაც ხარჯების ეკონომიით ხსნის.

საბიუჯეტო ცვლილებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. მისი განმარტებით, მომავალი წლის დაფინანსების ზრდა დაგეგმილი შესყიდვების გადავადებასა და საჯარო სექტორში ხელფასების მატებას უკავშირდება.

“პარლამენტთან დაკავშირებით დაგეგმილი 2027 წლის ბიუჯეტში არის მატება, მათ შორის არაფინანსური აქტივების მუხლში. ვინაიდან გარკვეულმა შესყიდვებმა 2027 წლისთვის გადაიწია, ეკონომია რაც 2026 წლისთვის მოხდა, 2027 წლისთვის იქნება ზრდა, რათა სხვადასხვა მიმართულებით შესაბამისი ხარჯების გაწევა მოხდეს, მათ შორის არაფინანსური აქტივებიდან გამომდინარე. ვინაიდან ხელფასებთან დაკავშირებით საჯარო სამსახურში არის ხელფასის ზრდა, ამის ასახვა პარლამენტის ბიუჯეტშიც მოხდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის აპარატის უფროსის, კახა ოქროჯანაშვილის განმარტებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ყველაზე დიდი შემცირება შრომის ანაზღაურებაზე მოდის - 6 მილიონი ლარი. საქონლისა და მომსახურების ხარჯები მილიონ-ნახევარი ლარით, ხოლო სხვა ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდისთვის გათვალისწინებული თანხები თითო მილიონი ლარით მცირდება.

რაც შეეხება 2027 წლისთვის დამატებით გამოყოფილ 3 მილიონ ლარს, თანხა პარლამენტის შენობის გამაგრებით სამუშაოებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას მოხმარდება.

 

მსგავსი სიახლეები