"ასეთი ჩემი შვილი მე არ მახსოვს, სჭირდება სერიოზული რეაბილიტაცია" - გიული ალასანია
"ასეთი ჩემი შვილი მე არ მახსოვს" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დედამ, გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა.
ალასანიას თქმით, სააკაშვილს სათანადო რეაბილიტაცია ესაჭიროება და შესაძლოა, ექიმები ამას გამოუცდელობის გამო ვერ უზრუნველყოფენ.
ნამდვილად არ არის კარგად, ღონე არ აქვს ადამიანს აშკარად, იმიტომ, რომ ასეთი ჩემი შვილი მე არ მახსოვს, სულ მოძრაობაში იყო და რა გააჩერებდა, ახლა რაღაც სულ ლოგინისკენ უჭირავს თვალი. ჯერჯერობით, მე რომ მკითხოთ, გადაყვანა თუ იქნება, მხოლოდ უნდა იყოს სადმე ნორმალურ კლინიკაში, იმიტომ, რომ ნამდვილად სჭირდება ადამიანს რეაბილიტაცია, ჩემი შთაბეჭდილება ასეთია. არ ვიცი, როგორ მკურნალობენ აქ, მე ხომ ვერ შევაფასებ, მე ერთადერთი შემიძლია, რასაც ვხედავ, იმის მიხედვით ვიმსჯელო და რასაც ვხედავ მაინცდამაინც არ მომწონს. ვხედავ, რომ სჭირდება სერიოზული რეაბილიტაცია, შეიძლება, არ ჰყოფნით ამ ექიმებს ამისი გამოცდილება, 50-დღიანი შიმშილობა რა ვიცი, რამდენი ჰქონდათ ასეთი შემთხვევაა, ამას სპეციფიური მკურნალობა სჭირდება, ალბათ", - თქვა გიული ალასანიამ.