ჯანდაცვის მინისტრი გადადგა

ჯანდაცვის მინისტრი გადადგა- ამის შესახებ ,,ქართულ ოცნებაში" გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ეკა ტიკარაძემ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, ვინც მასთან თანამშრომლობდა.
უპირველეს ყოვლისა მინდა დავიწყო მადლობით... მინდა, მადლობა გადავუხადო სამედიცინო საზოგადოებას, თითოეულ ექიმს, ექთანს და ყველას, ვინც პანდემიის პერიოდში ჩვენთან ერთად დაუღალავად იბრძოდა ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის გადასარჩენად. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვინც გაგებით ეკიდებოდა ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ ჯანდაცვაში ასევე მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად ვიღებდით. მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს გუნდს, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პანდემია იყო, დაუღალავად ებრძოდა იმ უხილავ მტერს, რომელმაც შეიწირა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და რომლებიც ასევე დღეს ებრძვიან სიცოცხლეს, ამისთვის სამინისტროს გუნდი ნამდვილად 24საათიან რეჟიმში მუშაობდა", - განაცხადა ტიკარაძემ.
,,ტვ პირველის" ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან პრემიერთან დაპირისპირების გამო გადადგა.
ეკა ტიკარაძე აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ის მუშაობას პარტია ,,ქართულ ოცნებაში" გააგრძელებს.
მისი თქმით, გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა.
სამწლიანი საკმაოდ ინტენსიური მუშაობის შემდეგ, გავლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან, სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია ქართულ ოცნებაში, პოლიტსაბჭოში და სწორედ აქედან გავამყარო და გავაძლიერო ქართული ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები"- განაცხადა ტიკარაძემ.