სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმე - გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

10.12.21 11:02
სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმე - გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო საზღვრის  კვეთაში დახმარებისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში საიდუმლოდ შემოსვლის მარშრუტი გიორგი ლორთქიფანიძის შედგენილია.

მთავარ საგამოძიებო ორგანოში ირწმუნებიან, რომ გიორგი ლორთქიფანიძისთვის ცნობილი იყო, რომ   მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვრის "უკანონოდ გადაკვეთას" გეგმავდა  და მისი დახმარების მიზნით  შეიმუშავა  და დაგეგმა - თუ რა დროს, რა საშუალებით, რა მარშრუტით და რა ხერხით უნდა მომხდარიყო მიხელ სააკაშვილის მიერ  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა. 

საქმის მასალების თანახ,ად, გიორგი ლორთქიფანიძე  ჯერ კიდევ  2021 წლის აპრილში  შეხვდა  ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას  და გარკვეული დახმარების  სანაცვლოდ დაიყოლია  იგი, მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით გადაეყვანა  მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე.

ლევან ვეფხვაძის, მტკიცებით, 2021 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში გიორგი ლორთქიფანიძე კვლავ დაუკავშირდა, ამჯერად საქართველოში მყოფ  ცომაიას და მოსთხოვა მას უკრაინაში ჩასვლა.

ე.ც.  20 სექტემბერს მისი კუთვნილი „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით  უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ავტომანქანა რძის პროდუქტებით დატვირთა  და  გიორგი ლორთქიფანიძის შემდგომ მითითებას დაელოდა.

26 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ლორთქიფანიძის კუთვნილი ავტომანქანით ძებნილი მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს  და ბრალდებულ ე.ც.-ს კუთვნილ სატვირთო ავტომანქანის სალონში არსებულ წინასწარ მოწყობილ სამალავში გადასვეს, რის   შემდგომაც გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და სატვირთო ავტომანქანა ბორანის ტიპის გემზე, სახელწოდებით „VILNIUS“-ი შეიყვანეს"- აცხადებენ უწყებაში. 

ვეფხვაძის განცხადებით,  28 სექტემბერს, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა აღნიშნული გემი, რომლიდანაც  29 სექტემბერს, ჩამოვიდა  ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით და მისაბმელში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი.

ფოთის პორტის ტერიტორიაზე ე.წ.  გეზთან, მათ ელოდებოდნენ  შ.წ და ზ.წ. მათი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით რომელშიც  მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. გადასხდნენ. აღნიშნული ავტომანქანით მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში ჩავიდნენ.

29 სექტემბერს,   ე.ც. და მიხეილ სააკაშვილი მ „FORD“-ის ფირმის მიკროავტობუსით, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირიდან გაემართნენ ბათუმის მიმართულებით, და იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ.

იმავე დღეს,მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ „SCANIA“-ს  ფირმის  მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში და გ.ნ—სთან ერთად ჩამოვიდნენ თბილისში,სადაც მიხეილ სააკაშვილი  ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა.   სამართალდამცველებმა იგი აღნიშნულ ბინაში 1 ოქტომბერს დააკავეს"- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში. 

გიორგი ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება.

ცნობისთვის, "პირველებმა" ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის თანამზრახველად სწორედ ლორთქიფანიძეს გამოაცხადებდა. 

გიორგი ლორთქიფანიძე 2011 წელს შსს მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მოქმედმა ხელისუფლებამ ლორთქიფანიძის მიმართ  2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის საქმეზე ბრალდებულად გამოაცხადა.

მას პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.  თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები