„როგორ შეიძლება, 41 მილიონი მოიპარონ და კალაძის ხელი არ ერიოს? შეუძლებელია!“ - თამაზ დათუნაშვილი

17.11.26 11:20
„როგორ შეიძლება, 41 მილიონი მოიპარონ და კალაძის ხელი არ ერიოს? შეუძლებელია!“ - თამაზ დათუნაშვილი

თბილისის მეტროდან 41 მილიონ ლარზე მეტის სავარაუდო მითვისების საქმეში დედაქალაქის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების მონაწილეობის გარეშე ასეთი მასშტაბის კორუფციული სქემის არსებობა წარმოუდგენელია, — ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა თამაზ დათუნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კახა კალაძე პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, მაშინ როდესაც პროკურატურის ინფორმაციით, 2017–2024 წლებში ჩატარებული 27 ტენდერის ფარგლებში თანხების სავარაუდო მითვისებისთვის ოთხი პირია დაკავებული.

როგორ შეიძლება, რომ 41 მლნ მოიპაროს გაურკვეველმა ხალხმა, რომელთა სახელიც და გვარიც ოჯახის წევრების გარდა არავის არაფერს ეუბნება, ასეთმა ადამიანებმა 41 მლნ ლარი მოიპარონ უწყებიდან, რომელიც არის თბილისის მერიის დაქვემდებარებაში. რომელიმე თქვენს მაყურებელს შეიძლება, ამის სჯეროდეს, რომ არ ურევია მერიის მაღალჩინოსნების და თავად მერის ხელი ასეთი მასშტაბის ამბავში? ეს ხომ არ არის რაღაც 1 მლნ-ის, 100 ათასის გადაცდომა? როგორ შეიძლება, რომ ბაღებში ბავშვებს საჭმელს ჰპარავდა მისი დაქვემდებარებული პირი - მას ეს არ ეხება? როგორ შეიძლება, ახლა, მეტროს ვაგონები ვისაც უნდა გაეკეთებინა, თურმე გვერდზე ათობით მილიონს "ღუნავდა"? როგორ შეიძლება, რომ აქ კალაძის ხელი არ იყოს? შეუძლებელია! მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილავთ აბსოლუტურ იდიოტიზმს და აბსურდს, როდესაც დაუსჯელი იქნება კალაძე. კალაძე იქნება დაუსჯელი მანამ, სანამ ბატონი ასე გადაწყვეტს, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი. 

მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს - პროკურატურამ "პირველების" მიერ გავრცელებული ინფორმაცია 16 ნოემბერს ოფიციალურად დაადასტურა. 
საქმე ეხება 2017–2024 წლებში მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციისა და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვისთვის გამოცხადებულ 27 ტენდერს. მათი საერთო ღირებულება 145,4 მილიონი ლარი იყო. გამოძიების ვერსიით, ამ თანხიდან ბრალდებულებმა 41,1 მილიონი ლარი მიითვისეს.
 მასშტაბურ კორუფციულ საქმეზე დაკავებული არიან სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორი გელა ძიძიკაშვილი, ამავე კომპანიის ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, საწარმოს წილის ერთ-ერთ რეალურ მფლობელად დასახელებული პაატა სვანიძე და კომპანიების, „საჩინოსა“ და „ინტრანსის“ დირექტორი რუსლან დემუროვი.
როგორი იყო სქემა პროკურატურის მიხედვით?
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს კომპანია „საჩინო“, რომლის სახელითაც მეტროს ვაგონების ნაწილები საქართველოში ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტებით შემოჰქონდათ. გადაზიდვას კომპანია „ინტრანსი“ უზრუნველყოფდა.
გამოძიება ამბობს, რომ „საჩინოდან“ იმპორტირებულ საქონელს ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ სამმაგ ფასად აწვდიდნენ.
ოთხივე პირს ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის მითვისება, ასევე ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება და გამოყენება. პროკურატურის ცნობით, წარდგენილი ბრალდებები 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი - 2 მილიონი ლარის გირაო. უწყება არ აკონკრეტებს, რომელ ბრალდებულს შეუფარდეს გირაო.