ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატები პროკურატურის უარს სტრასბურგში გაასაჩივრებენ
პროკურატურას ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიების დაწყება არ სურს და ცდილობს, საზოგადოებას შეუქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ექსპრემიერი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს, - ამის შესახებ „პირველებთან“ საუბარში ღარიბაშვილის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დაცვის მხარე პროკურატურისგან ოფიციალურ წერილობით პასუხს ელოდება და გამოძიების არდაწყების შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.
ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურას არავითარი სურვილი არ აქვს გამოძიების დაწყების. მათ უნდათ, უბრალოდ, ფორმალურად, საზოგადოებას აჩვენონ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს არ სურს თანამშრომლობა გამოძიებასთან. სინამდვილეში, საქმე არის პირიქით, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მას სურს საგამოძიებოსთან თანამშრომლობა ოღონდ კანონის ჩარჩოებში და კანონის მიხედვით. დაველოდებით ახლა გენერალური პროკურატურიდან პასუხს, გავიგებთ, ვის გადაეგზავნება ეს განცხადება, რომელიც გუშინ შევიტანეთ, თუ პასუხს არ გაგვცემენ და არ დაიწყებენ გამოძიებას, უკვე გადავწყვეტთ, რომ გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი, რაც იქნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვა.
ეს არ არის არავითარი პასუხი, ეს არის უბრალოდ განცხადება მათი. განცხადებაზე ასე პირდაპირი უარი მათ არ შუეძლიათ გაგვცენ, ეს განცხადება მათ უნდა განიხილონ და აუცილებლად წერილობითი პასუხი უნდა გაგვცენ ამ განცხადებაზე, - ამბობს სოსო ბარათაშვილი.
16 ნოემბერს პროკურატურამ განმარტა, რომ ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებები დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ შეიცავს და გამოძიების დაწყების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. უწყების ცნობით, გამომძიებელი ექსპრემიერს გარემოებების დასაზუსტებლად შეხვდა, თუმცა მან ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა.
თავის მხრივ, ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობისა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენების მიცემისთვის მზად არის, თუკი გამოძიება ოფიციალურად დაიწყება.
მსგავსი სიახლეები
„თბილისის მერიაში სისტემური კორუფციაა, რომელსაც ხელმძღვანელი პირები ხელს უწყობენ“ - საბა ბუაძე
მისი შეფასებით, დედაქალაქის მერიაში ანგარიშგებისა და ზედამხედველობის მექანიზმების მოშლამ შესაძლებელი გახადა, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სერვისებიდან მილიონობით ლარი წლების განმავლობაში უკანონოდ მიეთვისებინათ.