„წარმოადგინოს მტკიცებულებები ან მოიხადოს საჯარო ბოდიში!“ - ირაკლი კუპრაძე პაპუაშვილს პასუხობს

18.11.26 11:04
„წარმოადგინოს მტკიცებულებები ან მოიხადოს საჯარო ბოდიში!“ - ირაკლი კუპრაძე პაპუაშვილს პასუხობს

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ცილისწამებას უწოდებს.

კუპრაძე კატეგორიულად უარყოფს პაპუაშვილის ბრალდებას იმის შესახებ, თითქოს 2022 წელს პარტიის წარმომადგენლები უკრაინაში მოხალისეების გასაგზავნად სპეციალური რეისის დანიშვნასა და საომარ მოქმედებებში ჩართვას ითხოვდნენ. ოპოზიციონერი ლიდერი პარლამენტის თავმჯდომარისგან მტკიცებულებების წარდგენას ან ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას ითხოვს.

„ლელოს“ გენერალური მდივანი პაპუაშვილის განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს. მისი შეფასებით, პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის პარალელურად მსგავსი განცხადებების გავრცელება სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობაა, რადგან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პროცესზე „უკიდურესად სუსტად გამოიყურებიან“.

"ქართული ოცნების" სპიკერის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს 2022 წელს "ლელოს" წარმომადგენლები მას ქართველი მოხალისეების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნას მოუწოდებდნენ, არის ამ პირის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ტყუილი და ცილისწამება. "ძლიერ საქართველო - ლელოს" არასდროს მოუთხოვია ქართველი მებრძოლებისთვის უკრაინაში წასასვლელად სპეციალური რეისის დანიშვნა და მითუმეტეს, ამ გზით უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჩართვა. 
კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ პაპუაშვილმა ან ამ ცილისწამების დამადასტურებელ მტკიცებულებები წარმოადგინოს (რაც ბუნებაში ვერ იარსებებს), ან თავადვე უარყოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში მიზანმიმართული ტყუილისთვის.
საზოგადოდ, რეჟიმის პროპაგანდისტად ქცეული პაპუაშვილისგან ტყუილი და ცილისწამება არც პირველია და არც გასაკვირი, თუმცა, იმ დროს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, მსგავსი შინაარსის პროპაგანდისტული ტყუილის გავრცელება, არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა, რადგან "ქართული ოცნება" ხედავს, რომ მიმდინარე სასამართლო განხილვებზე ეს პარტია და მისი წარმომადგენლები უკიდურესად სუსტად გამოიყურებიან"- აცხადებს კუპრაძე.

მსგავსი სიახლეები