პაატა მანჯგალაძე მოსამართლეთა პლენუმს: ნუ დამაბრალებთ იმას, რასაც სახელმწიფო ბრალდებაც კი არ მედავება

19.11.26 00:17
პაატა მანჯგალაძე მოსამართლეთა პლენუმს: ნუ დამაბრალებთ იმას, რასაც სახელმწიფო ბრალდებაც კი არ მედავება

„ნუ დააბრალებენ იმას, რასაც სახელმწიფო ბრალდებაც კი არ ედავება“ - ამ სიტყვებით მიმართავს პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი, პაატა მანჯგალაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, მათ შორის მოსამართლე ევა გოცირიძეს.

როგორც პაატა მანჯგალაძე განმარტავს, არათუ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი არ ყოფილა, არამედ არც პროკურატურა არ ედავება კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ რომელიმე დანაშაულს.

"ასევე გთხოვთ, ნუ დაემსგავსებით სახარებიდან ცნობილ ქრისტეს ბრალმდებელ სინედრიონს, რომლის ერთმა უხუცესმა წევრმა სიხარულისგან სამოსიც კი შემოიხია, როცა თითქოს ქრისტესგან ღვთის გმობის მტკიცებულება მიიღო" - ეუბნება მანჯგალაძე მოსამართლეებს. 

„მივმართავ ქალბატონ ევა გოცირიძეს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებს:

პატივი ვცეთ კონსტიტუციით დაცულ უდანაშაულობის პრეზუმფციას და გთხოვთ, ნუ დამაბრალებთ იმას, რასაც სახელმწიფო ბრალდებაც კი არ მედავება.

ამასთან, აქვე განვმარტავ, რომ არათუ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ, არამედ არც პროკურატურა არ მედავება კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ რომელიმე დანაშაულს.

ჩემს წინააღმდეგ ბრალი აგებულია 2025 წლის 4 ოქტომბრამდე ერთი წლით ადრე, 2024 წლის ოქტომბერში გაკეთებულ განცხადებებზე, რაც არათუ ჩემი ბრალეულობის, არამედ სასამართლოსა და პროკურატურის ერთობლივად ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულებაა.

ჩემს უდანაშაულობასთან დაკავშირებით გთხოვთ გაეცნოთ სახალხო დამცველის ამიკუსს, ასევე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და „საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეფასებებს.

და ბოლოს: ასევე გთხოვთ, ნუ დაემსგავსებით სახარებიდან ცნობილ ქრისტეს ბრალმდებელ სინედრიონს, რომლის ერთმა უხუცესმა წევრმა სიხარულისგან სამოსიც კი შემოიხია, როცა თითქოს ქრისტესგან ღვთის გმობის მტკიცებულება მიიღო“, - ნათქვამია პაატა მანჯგალაძის მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები