თვითმმართველობის არჩევნები უკიდურესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოში წარიმართა - ომბუდსმენი
2021 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გასული წლების მსგავსად, უკიდურესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოში წარიმართა - შესაბამის დასკვნას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აქვეყნებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ლომჯარიამ თქვა, რომ არჩევნებზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა სავარაუდო ზეწოლისა და დაშინების ფაქტები.
სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურებრივად შეავიწროეს 69 პირი; ხოლო 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით"- თქვა სახალხო დამცველმა.
მისი თქმით, დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 16 ფაქტი; სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა 4 შემთხვევა, როდესაც საჯარო სკოლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს შრომითი ხელშეკრულება შესაძლო პოლიტიკური მოტივით არ გაუგრძელეს.
ამომრჩეველთა სავარაუდო ზეწოლისა და დაშინების ფაქტები, შექმნილი დამაშინებელი გარემო გავლენას მოახდენდა ამომრჩეველთა ნაწილის თავისუფალი ნების გამოვლინაზე. სამწუხაროდ, ასევე მრავლად იყო შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს დანაშაულებრივად არ ეძლეოდათ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობა“,-განაცხადა ლომჯარიამ.