დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციას საკრებულოს წევრების გამოკეტვაში ადანაშაულებს

10.12.21 16:33
დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციას საკრებულოს წევრების გამოკეტვაში ადანაშაულებს

დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" დეპუტატი, პაატა ყულიაშვილი აცხადებს, რომ 3 დეკემბერს "ნაციონალურმა მოძრაობის" წევრებმა დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ერთ სივრცეში გამოკეტეს, რომ პირველ სხდომას არ დასწრებოდნენ. ამის შესახებ ყულიაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში ანა წერეთლის "დღის ამბებში" ისაუბრა. 

როგორც მოგეხსენებათ, 3 დეკემბერს, პირველ სხდომაზე საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები არ გამოცხადდნენ. როგორც გაირკვა შემდეგ ეს ადამიანები იყვნენ ერთ ადგილზე, ერთ სივრცეში გამოკეტილები და არ მიეცათ საშუალება, რომ თავისი ნება თავისუფლად გამოეხატათ.

თავისივე პარტიის წევრებმა წაიყვანეს და ერთ ადგილზე ჰყავდათ მობილიზებული, რომ არ მოსულიყვნენ სხდომაზე", - ამბობს ყულიაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით ბრალდებები ხელისუფლების მიმართ თავად ოპოზიციას ჰქონდა.  საკრებულოს ოპოზიციის დეპუტატი, რამიზ რამაზანოვი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო, დღეს საკრებულოს სხდომაზე გამოცხადდა. 

რამაზანოვმა მხარი "ქართული ოცნების" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს დაუჭირა. ის ასევე საკრებულოს თავმდჯომარის პირველი მოადგილე გახდა. რამაზანოვმა ზეწოლა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტი  უარყო.

მსგავსი სიახლეები